CopyPaste - წაუკითხავად დამტკიცებული დოკუმენტები ქობულეთში
CopyPaste - ქობულეთის მერიამ სანაპიროზე დაგეგმილი ცათამბჯენების დოკუმენტებში ინფორმაცია ბათუმის პროექტებიდან დააკოპირა. ისე ჩქარობდნენ და თან არც აინტერესებდათ რას აკეთებდნენ, დოკუმენტები წაუკითხავად დაამტკიცეს. ბოლოს კი ყველაფერი აურიეს. "ბათუმის მოსახლეობა თანახმაა ქობულეთში ცათამბჯენი აშენდეს" - ჩაწერეს ეს ფრაზა, ოღონდ ვერ მიხვდნენ, რომ ბათუმის მოსახლეობას ქობულეთის მშენებლობასთან არაფერი ესაქმება. ეს სკანდალური დოკუმენტში ერთადერთი ფაქტობრივი ხარვეზი არ არის.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში მერიის მიერ გადაგზავნილი წერილის წაკითხვის შემდეგ, სავარაუდოდ, გაოგნებას ვერ მალავდნენ. პასუხმაც არ დააყოვნა. სააგენტომ ქობულეთის მერიას საპასუხო წერილი მისწერა და უთხრა, რომ ინფორმაცია მათ მიერ შედგენილ დოკუმენტში სულ სხვა მშენებლობების შესახებ მომზადებული მასალებიდან არის დაკოპირებული. ირკვევა, რომ ქობულეთის მერიამ თბილისში, კერძოდ კი, ტაბახმელაში მიმდინარე მშენებლობის დოკუმენტებითაც ისარგებლა და იქიდან ინფორმაცია ერთიერთში გადმოიტანა.