ცდილობენ შიში შეიტანონ, რევოლუცია დაიწყება - ნათელაშვილი რესპუბლიკურის დანგრევაზე
„რევოლუცია დაიწყება სწორედ ამ მიზეზით“ - ამ განცხადებას შალვა ნათელაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევასთან დაკავშირებით აკეთებს.
ნათელაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე ივანიშვილი გეგმავს საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელებს.
როგორც ნათელაშვილი ამბობს, ექიმების დაშინებას ცდილობენ.
მე კატეგორიულად ვაფრთხილებ ივანიშვილის რეჟიმს და პირადად ივანიშვილს, რომელსაც სურს, ამ საავადმყოფოს დანგრევით იქ დიდი ბიზნეს მშენებლობა წამოიწყოს და გათვლილი აქვს უკვე მილიარდ ნახევრიან დოლარ სუფთა მოგებაზე იმ პენთჰაუსებით, რომელსაც შემდგომ გაყიდის თავისი ჩვეულებრივი სტილით და ყაჩაღური მეთოდებით. რევოლუცია დაიწყება სწორედ ამ მიზეზით და ეს მოხდება არჩევნებამდე, ეს გაითვალისწინეთ. მოვუწოდებ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, იყავით სოლიდარული თქვენი კოლეგების მიმართ.
რა დაიწყეს - დაიწყეს დაჭერა სამედიცინო მუშაკების რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი ადამიანების ვითომ საექიმო შეცდომის დაშვების გამო. აქამდე არ იცოდით, რომ საექიმო შეცდომა იყო დაშვებული - მაინც და მაინც ახლა იჭერთ, როდესაც საავადმყოფოს ყოფნა-არყოფნის და ნგრევის საკითხი დგება და როდესაც გინდათ, რომ სამედიცინო მუშაკებმა ხელი მოგიწერონ კონტრაქტზე, რომ მზად არიან ჩაგაბარონ, აჩუქონ ივანიშვილს ეს ბიზნეს ობიექტი და აიღონ წინასწარ 12 თვის ხელფასი და მერე ეძახიან, ვინც ფსიქოტროპულ წამლებს წერს, დაკითხვებზე, რომ შიში შეიტანონ.
ივანიშვილი ასეთი მახრჩობელა, რეიდერული ფორმით შედის ბიზნესის და ქონების მისატაცებლად, იწყებს შანტაჟს კონკრეტულ ადამიანებზე,“ - ამბობს ნათელაშვილი.