პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვერ აკომპლექტებს - "ოცნებას" დეპუტატების ხმები არ ჰყოფნის

01.07.21 13:50
პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვერ აკომპლექტებს - "ოცნებას" დეპუტატების ხმები არ ჰყოფნის

პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვერ აკომპლექტებს. სასამართლოს მაკონტროლებელ ორგანოს 5 წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, პარლამენტი კი მათ შემცვლელებს ვერ ნიშნავს, ამიტომ არამოსამართლე წევრების შერჩევის კონკურსი რამდენიმე თვით გადაიდო.

მიზეზი პარლამენტში ხმების არასაკმარისი რაოდენობაა. რეგლამენტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დასამტკიცებლად  90 დეპუტატის თანხმობა საჭირო, „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 84 წარმომადგენელი ჰყავს. 

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ჯგუფებთან არაფორმალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს და მათ  ხმების სანაცვლოდ საბჭოს წევრთა გარკვეულ რაოდენობას შესთავაზებს. 

იმის გამო, რომ მაშველი რგოლი ახლა არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ და 90 ხმისთვის მას სჭირდება ოპოზიციასთან თანამშრომლობა და ეს ნიშნავს, რომ მივიღებთ დამოუკიდებელ არამოსამართლე წევრებს, აი, ამის გამო, „ქართული ოცნება“ დაფრთხა, უკან დაიხია და გადადო გაურკვეველი ვადით კონკურსის გამოცხადება, - ამბობს „რესპუბლიკელების„ ლიდერი, ხათუნა სამნიძე.