თავდასხმები ევროპარლამენტზე - კობახიძეს მეცოლასთან განმარტებების გაკეთება მოუწია
თავდასხმები ევროპარლამენტზე და ევროდეპუტატების მწვავე კრიტიკა - ირაკლი კობახიძეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განმარტებები მოსთხოვა. ინფორმაციას "პირველებს" პრემიერი უდასტურებს.
როგორც კობახიძე ამბობს, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს საკითხი თავად რობერტა მეცოლამ წამოწია წინა პლანზე. კობახიძის თქმით, ისაუბრეს იმ "გაუგებრობებზე", რაც საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის იყო.
რაც შეეხება, შეხვედრას ქალბატონ რობერტა მეცოლასთან - ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკრეტულად ამ საკითხზე, რაც უკავშირდება იმ გაუგებრობებს, რომელიც არსებობდა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის. სხვათა შორის, პირველი მან ახსენა ეს საკითხი და მადლობა ამისთვის. გახსოვთ, მიღებულ იქნა 2022 წელს 3 სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც იყო აბსოლუტურად უსამართლო და მოგვიწია ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკა და მადლობა ქალბატონ რობერტა მეცოლას იმისთვის, რომ დამკვიდრდა სწორი პრაქტიკა, ასეთი რეზოლუციები აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან,. კარგია, რომ ჩვენმა რეაქციამ იქონია გავლენა პროცესების სწორად განვითარებაზე. დეტალებში აღარ შევალ, რაში გამოიხატებოდა ის უხეში უსამართლობა, რომელიც დაფიქსირებული იყო ამ რეზოლუციებში, თუმცა კარგია, რომ პრაქტიკა შეიცვალა და უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება,“ - ამბობს კობახიძე.