კობახიძის ულტიმატუმი ევროკავშირის ელჩს: თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები, ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია
რატომ შეცვალა "ქართულმა ოცნებამ" რიტორიკა და რატომ შეარბილა დასავლელი პარტნიორების მიმართ განცხადებები - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი უკმაყოფილო იყო დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკით და ის ევროკავშირის ელჩს შეხვდა.
კობახიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩს ულტიმატუმი წაუყენა - "თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია".
იყო უსამართლო განცხადებები, რაზეც გვიწევდა რეაგირება, მქონდა ერთ-ერთი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, სადაც პირდაპირ განვუცხადე, რომ თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია და ნული ნეგატიური განცხადება და სწორედ ასე წარიმართება პროცესები დღეს. ხედავთ, რომ შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები, შესაბამისად, ჩვენ აღარ გვიწევს რეაგირება ასეთ საკითხებზე, რაც დადებითად აისახა ორმხრივ ურთიერთობებზე - სადაც იქნება სამართლიანი მიდგომა, სადაც იქნება კონსტრუქციული მიდგომა, იქ მჭიდროდ განვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მე მადლობას გადავუხდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელმაც პერსონალურად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში, ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს პრეტენზიებს და საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ აღარ ვისმენთ უსამართლო განცხადებებს, უსამართლო რეზოლუციებს და შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც რიტორიკა არის პოზიტიური, გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც დამატებით დადებითად აისახება ურთიერთობების გაღრმავებაზე,“ - ამბობს კობახიძე.