NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები პრეზიდენტს შეხვდნენ
NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ - საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობა განიხილა.
შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისრტმა, ან ლინდემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ზურაბიშვილის როლს.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა, რომ NDI-ის მისია წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ადრეულ ფაზაში იწყებს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებისათვის.
შეხვედრისას საუბარი შეეხო შემოდგომით დაგეგმილ არჩევნებში დიასპორის მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეძლონ საკუთარი საარჩევნო უფლების რეალიზება.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთისგან მომდინარე შესაძლო ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
არჩევნების პროცესზე საუბრისას განიხილეს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერების საკითხი და ის დაბრკოლებები, რომლებსაც ქალები ამ პროცესში აწყდებიან.
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქარტიის შექმნის თაობაზე მისი ინიციატივის შესახებ, რომლის მიზანიც ევროპულ მომავალსა და ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე თანხმობის მიღწევაა", - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.