"ოცნების" 12-წლიანი "მიღწევა" რუსეთთან პოლიტიკური ფლირტია - ნაცვლიშვილი
პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამჟამინდელ ხელისუფლებას რუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და "პოლიტიკური ამბების" ეთერში აცხადებს, რომ "ოცნების" 12-წლიანი მმართველობის მთავარი "მიღწევა" კრემლთან პოლიტიკური ფლირტია, რითაც საგრძნობლად დახიეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე.
ნაცვლიშვილი საქართველოში არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით საუბრობს და დასძენს, რომ საჭიროა, რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაწესდეს სავიზო რეჟიმი, რადგან სახელმწიფოს საზღვარი არ გადმოკვეთონ ისეთმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის სისხლიან რეჟიმს.
ჩვენ რომ მათ არ ვუწოდოთ, რუსეთი და ვუწოდოთ ფრანგები, შეიცვლება ის ფაქტი, რომ "ოცნების" 12-წლიანი მთავარი მიღწევა ის არის, რომ მაშინ როდესაც მთელმა მსოფლიომ გადახედა თავის მიმართებას პუტინის რუსეთთან, ამათმა პირდაპირი ფრენები დაიწყეს. ინგლისელები რომ დავარქვა, შეიცვლება ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკა მთლიანად ჩამოკიდეს და მიაბეს ოკუპანტი სახელმწიფოს ეკონომიკას. იაპონელები რომ ვეძახო, შეიცვლება ის ფაქტი, რომ მაშინ, როდესაც რადიკალურად გაზრდილია საქართველოს წინააღმდეგ რისკები, უკრაინის ომიდან გამომდინარე, გაღებული აქვთ კარი უკონტროლოდ. სავიზო რეჟიმი არ არსებობს და სხვა არანაირი ინსტრუმენტი არ არსებობს, ინდივიდუალურად შეამოწმო ადამიანი, რუსი დივერსანტი მორბის შენთან, თუ ჰუმანიტარული მიზნით მოდის ადამიანი, რომელიც თავად პუტინსაც გაურბის. სხვა სახელი რომ დავარქვათ, არსი მაინც არ შეიცვლება", - ამბობს ნაცვლიშვილი.