"ნაციონალური მოძრაობა" კარგავს ძალას, რომ იყოს მთავარი ვიზავი "ქართული ოცნების" - მელია

24.02.24 00:03
"ნაციონალური მოძრაობა" კარგავს ძალას, რომ იყოს მთავარი ვიზავი "ქართული ოცნების" - მელია

შეძლებს თუ არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია "ქართული ოცნების" დამარცხებას? - ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია "დღის ამბების" ეთერში აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგე აღარ არის, რადგან პარტიას არ გააჩნია საკმარისი პოტენციალი და შესაძლებლობა, დაასრულოს რუსული ოცნების მმართველობა სახელმწიფოში.

მელია ენმ-ში არსებულ ბოლო დროინდელ კრიტიკულ ვითარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ხელოვნურმა ჩართულობამ" პოლიტიკურ გაერთიანებას ქართველი ხალხის თვალში რეპუტაცია შეულახა.

გულახდილად გეუბნებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კარგავს ძალას, რომ იყოს მთავარი ვიზავი "ქართული ოცნების". ამაზე აღელვებულები არიან და განგაშის ზარი შემოარტყეს, რომ "ლელო" იქ არ არის, მელია და გვარამია იქ არ არიან. ყველა ერთი და იგივე არიან. ეს გათამაშებულია. განგებ დაიშალნენ. სიმართლეც ვთქვათ და მთელი ამ წლების განმავლობაში ამ საფრთხობელაზე იდგა და მე ამას ვიაზრებდი. მე როდესაც ენმ-ში მივედი, 2013 წელს, აღარ იყო სახელისუფლებო პარტია და როდესაც შევისწავლე რეალობა მივხვდი, რომ ხელში გაქვს რაღაც პოლიტიკური აქტივი, რომელიც სავსებით არასაკმარისია გამარჯვებისთვის და პოტენციაც კი არ არსებობს ზრდის, მე დავისახე ბევრ ადამიანთან ერთად ახლებური სტრატეგია და მიდგომა. აქედან ჩნდებოდა განცდა, რომ მე მქონდა კონფლიქტი სააკაშვილთან.

სინამდვილეში იყო საკითხები, რომელზეც ვთანხმდებოდით და რომელზეც ვერა, სხვანაირად მე 2013 წელს არ შევუერთდებოდი გუნდს. თუმცა ამ მიდგომამ დაადასტურა, რომ დიდწილად იმუშავა და განსაკუთრებით ამ გადმოსახედიდან ჩანს, რა მდგომარეობაც არის ამ პარტია. ადასტურებს იმ სტრატეგიის და დამოკიდებულების სისწორეს, რომელიც ნახევარ პარტია გვქონდა. მე ვიყავი იმ ნახევრის ნაწილი, რომელიც ფიქრობდა ისე, როგორც დღეს ფიქრობს და შედეგიც სახეზეა. ხელოვნურმა ჩართულობამ ეს პოლიტიკური გაერთიანება მიიყვანე იქამდე, სადაც მიიყვანა, რომ მას საზოგადოების დიდი ნაწილი სერიოზულად აღარ აღიქვამს, მაგრამ ამის მიუხედავად წარმატებას ვუსურვებ", - ამბობს მელია.