კობახიძემ დაადასტურა, რომ რესპუბლიკურის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტი განხორციელდება

24.02.24 17:09
კობახიძემ დაადასტურა, რომ რესპუბლიკურის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტი განხორციელდება

ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ რესპუბლიკურის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტი განხორციელდება. ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ დაიგეგმება შესაბამისი პროცესი, რომ წინა ტერიტორია გამოყენებულ იქნეს საინვესტიციო მიზნებისთვის.

როგორც მოგეხსნებათ დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო წინა ტერიტორიაზე არსებული შენობის ადგილას იგეგმებოდა ახალი შენობის მშენებლობა. ექიმებმა ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზეს, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა მხოლოდ წინა ტერიტორიის გამოყენება მოგვიანებით საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე, ჯერ კიდევ 2007 წელს, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი მშენებლობა. შემდეგ პოლიტიკური პროცესების გამო ეს პროექტი ვეღარ განხორციელდა. სწორედ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა.

ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტზე. დაიგეგმება შესაბამისი პროცესი და მომზადდება წინადადება ამ მიმართულებით, რომ უკანა ტერიტორიაზე განხორციელდეს საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებულ იქნეს საინვესტიციო მიზნებისთვის.", - განაცხადა კობახიძემ.

თუ რა საინვესტიციო პროექტზეა საუბარი, ეს ჯერჯერობით ირაკლი კობახიძემ არ თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ  სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას და სწორედ ამის გამო იმიჯნება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც არის განთავსებული მთლიანობაში რესპუბლიკური საავადმყოფო.

საინვესტიციო პროექტზე ჯერ ვერ გეტყვით. ანუ, საუბარია შესაბამისი ტერიტორიის პრივატიზებაზე. თუ როგორ განხორციელდება და რა ფორმებით ამ შენობის პროივატიზაცია, ეს იქნება დამოკიდებული კონკრეტულ პირობებზე. მიზანი არის შემდეგი, საავადმყოფოს მშენებლობა ჯდება ძალიან ძვირი. სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას და სწორედ ამის გამო იმიჯნება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც არის განთავსებული მთლიანობაში რესპუბლიკური საავადმყოფო. მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, იმისათვის, რომ კერძო სექტორი შეგვეხიდოს საავადმყოფოს მშენებლობაში, რომ ჭარბი ტვირთი არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს. მე ვერ გეტყვით, თუ რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება, რომ განხორციელდეს. მე გპირდებით, რომ იქნება მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი შეთავაზებული ქვეყნისთვის. მაქსიმალურად რაციონალურად დაიტვირთება ის სივრცე, რომელზეც გვაქვს საუბარი", - ამბობს კობახიძე.