კობახიძე: რესპუბლიკურს მდგრადობის კუთხით პრობლემები არ აქვს

24.02.24 17:14
კობახიძე: რესპუბლიკურს მდგრადობის კუთხით პრობლემები არ აქვს

რესპუბლიკურს მდგრადობის კუთხით პრობლემები არ აქვს - ასე უპასუხა "პირველების" მიერ დასმულ კითხვას ირაკლი კობახიძემ.

ქვეყნის პრემიერმა თქვა იმის საპირისპირო, რასაც აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო ამბობდა.

კობახიძემ მედიკოსებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მთავრობამ უკან წაიღო ჰოსპიტლის დემონტაჟის ბრძანება და კლინიკა ფუნქციონირებას მინიმუმ მომდევნო სამი წლის განმავლობაში გააგრძელებს.

რაც შეეხება შენობის მდგომარეობას, მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები. პრობლემები არის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული კუთხით, რასაც კვლევა ადასტურებს და ჩვენ ვეცდებით, რომ ამ 2-3 წლიან პერიოდში ვიზრუნოთ ამის მოგვარებაზე. რაც შეეხება შენობის დემონტაჟს, შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი შენობა. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში, უახლოესი 3 წლის განმავლობაში, საავადმყოფო გააგრძელებს ფუნქციონირებას ამავე შენობაში. დაახლოებით 3 წლისთავზე უნდა დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდეგ უკვე საავადმყოფო გადავა ახალ შენობაში. ასეთია ის გეგმა, რომელიც შევაჯერეთ ექიმებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან", - ამბობს კობახიძე.