ეს ისტორიული ბრძოლა დასრულდება უკრაინის და ცივილიზებული მსოფლიოს უპირობო გამარჯვებით - "ლელოს" განცხადება
პარტია "ლელო საქართველოსთვის" რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პარტია წერს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები შეუპოვრად განაგრძობენ ბროლას ქვეყნის თავისუფლებისთვის.
"ლელო" დარწმუნებულია, რომ ისტორიული ბრძოლა უკრაინისა და ცივილიზებული მსოფლიოს გამარჯვებით დასრულდება.
დღეს ორი წელი შესრულდა მას მერე, რაც რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. ორი უმძიმესი წლის შემდეგ, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სუვერენული და დემოკრატიული უკრაინა კვლავ განაგრძობს შეუპოვარ ბრძოლას თავისუფლებისთვის. დღეს პუტინის ტერორისტული რეჟიმი თავს ესხმის არამხოლოდ უკრაინას, არამედ სრულიად ცივილიზებულ სამყაროს, მშვიდობიან მეზობლებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
ამ ისტორიულ მომენტში, უკრაინელთა ბრძოლა თავისუფლებისთვის არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის - ეს არის ბრძოლა მშვიდობიანი და დემოკრატიული წესრიგისთვის, რომელშიც თავისუფალი ერები თანაარსებობენ.
ჩვენ კარგად ვიაზრებთ, რომ ეს საქართველოს ბრძოლაცაა და ჩვენმა გმირებმა ეს საკუთარი სისხლის ფასად დაამტკიცეს. დღეს ჩვენ ვიგონებთ ყველა იმ ქართველის ხსოვნას, ვინც უკრაინაში ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა და მხნეობას ვუსურვებთ მათ, ვინც მედგრად იბრძვის ჩვენი ორი სახელმწიფოს სუვერენულობის და ღირსებისთვის.
"ლელოს" ღრმად სწამს, რომ ეს ისტორიული ბრძოლა დასრულდება უკრაინის და ცივილიზებული მსოფლიოს უპირობო გამარჯვებით. გასული ორი წლის განმავლობაში "ლელოს" ლიდერები აქტიურად თანამშრომლობდნენ უკრაინის მხარესთან. სიამაყით ვიხსენებთ, რომ "ლელო" იყო პირველი ქართული პარტია, რომელმაც ომის დროს რადაში ქართული დროშა აღმართა, ხოლო შემდგომში ინარჩუნებდა მჭიდრო პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კავშირებს უკრაინულ მხარესთან, არამხოლოდ უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ საქართველოს საუკეთესო ეროვნული ინტერსების დასცავად.
გამარჯვება უკრაინას! დიდება გმირებს!", - ვკითხულობთ განცხადებაში.