ფარცხალაძის პარტიის საერთაშორისო მდივანი "მელაძის შაბათს": "პოლიტიკაში სუფთა წარსულით მოვდივარ"

24.02.24 20:36
ფარცხალაძის პარტიის საერთაშორისო მდივანი "მელაძის შაბათს": "პოლიტიკაში სუფთა წარსულით მოვდივარ"

სერგეი გავრილოვის ახლო მეგობარი, ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მამუკა ფიფიას წერილი "შაბათის ეთერს".  პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, საერთაშორისო მდივანი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდისთვის გადაცემის დაწყებისთანავე გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში "სუფთა ხელებით და სუფთა წარსულით მოდის"

ქართულ პოლიტიკაში იმ გეგმით გახლავართ, რომ საქართველო ბოლოსდაბოლოს გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, საკუთარ ეკონომიკურ პოტენციალზე და საკუთარი მოქალაქეების შრომისნაყოფიერებაზე ორიენტირებული, მაღალი ზნეობრივი იდეალების რეალურ ცხოვრებაში გამტარებელი ქვეყანა"- აცხადებს ფიფია. 

ბიზნესმენი სერგეი ლავროვთან ნაცნობობას ადასტურებს და ამტკიცებს, რომ რუსი პოლიტიკოსების დახმარებით, საქართველოსთვის საკეთილდღეო რეალურ საქმეებსს ასრულებს.

არა მხოლოდ გავრილოვს, არამედ ძალიან ბევრ მაღალჩინოსან რუს პოლიტიკოსს ვიცნობ, რომელთა დახმარებით საქართველოსთვის საკეთილდღეო რეალურ საქმეებს ვასრულებთ. ასე მაგალითად, ახლახან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი პირადად დაგვეხმარა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენაში"- ვკითხულობთ წერილობით პასუხში. 

რაც შეეხება რამდენიმე თვის წინ, საქართველოს პარლამენტში მის ვიზიტს,   რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი აცხადებს, რომ მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აკრძალული არ აქვს. 

საქართველოს პარლამენტი არ არის გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტი ან პენტაგონის რომელიმე ბიოლოგიური ლაბორატორია, სადაც საქართველოს მოქალაქეს შესვლა აკრძალული აქვს. 

მეკითხებით - რა კავშირები მაქვს დეპუტატებთან?  -  ძალიან ბევრ ქართველ პოლიტიკოსს პირადად ვიცნობ, მათ შორის - დეპუტატებს და, არა მხოლოდ „ქართული ოცნებიდან.“ - წერია "შაბათის გუნდისთვის" გამოგზავნილ წერილობით პასუხში. 

ფიფია იქვე ამტკიცებს, რომ "საქართველოშიც და რუსეთშიც მისი ბიზნესსაქმიანობა ლეგალური  და, სრულიად გამჭვირვალეა".

გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვით ადრე, "ქართველების ერთობა" პოლიტიკური პარტიად ჩამოყალიბდა. პარტიების რეესტრის ერთიანი ამონაწერიდან დგინდება, რომ ახალი პრორუსული პოლიტიკური ხედვების მქონე პარტიის თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილია. ჭიქაშვილი მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია, "სოლიდარობა მშვიდობის" თავმჯდომარე იყო, ამ ორგანიზაციის წევრი იყო, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებული, ექს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შვილი, ანდრია (ანზორ) ფარცხალაძე. 

პარტიის პრეზენტაციის ფოტოებში,  ფარცხალაძესთან კავშირში მყოფი ახალი პოლიტიკური ძალის ყრილობას, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ახლო მეგობარი, ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მამუკა ფიფია ესწრებოდა. ირკვევა, რომ გავრილოვის მეგობარს, ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პარტიაში, საერთაშორისო მდივნის თანამდებობა ექნება. 

 

ფარცხალაძის რუსული პარტია - ნახეთ, მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი