ნარკოტიკების უკონტროლო რეალიზაცია-მოხმარება - ენმ განცხადებას ავრცელებს

25.02.24 18:24
ნარკოტიკების უკონტროლო რეალიზაცია-მოხმარება - ენმ განცხადებას ავრცელებს

ნარკოტიკების რეალიზაცია-მოხმარებასთან დაკავშირებით ქვეყანაშო ბოლო პერიოდში გავითარებლ მოვლენებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო განცხადებით ეხმიანება. ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ხელისუფლებას, რომელიც კრიმინალთან ალიანსშია, ვითარება ხელიდან გაექცა. ამასთან, ენმ ნარკორეალიზაციის და წამლის მოხმარების მთავარ მიზეზებად ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას და ასევე, მძიმე ეკონომიკურ ფონს ასახელებს. 

ენმ ასევე, იმ გამოსავალზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას ამ რთული მდგომარეობბიდან გამოიყვანს და ნარკოტიკის რეალიზაციის და მოხმარების პრობლემას გადაჭრის. 

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გვსურს გამოვეხმაუროთ უკანასკნელი პერიოდის მანძილზე, საზოგადოებაში განსაკუთრებული სიმწვავით დამდგარ ნარკოტიკების რეალიზაცია-მოხმარების საკითხს.
კრიმინალთან ალიანსში მყოფ ივანიშვილის ხელისუფლებას ვითარება საბოლოოდ გაექცა ხელიდან, რამაც ნარკორეალიზაციის საკითხი უკონტროლო გახადა. ამის ძირითადი განმაპირობებელი ის გახლავთ, რომ ზემოხსენებულმა პრობლემამ ორგანიზებული დანაშაულის სახე მიიღო.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რამაც არაერთი ახალგაზრდისა და ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის ფატალურად დასრულება გამოიწვია.
არსებული პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას საქართველოს დიდ ქალაქებში, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებზე წვდომა უმარტივესი გზებითაა შესაძლებელი.

სამართალდამცავების მიერ გატარებული ღონისძიებები მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათისაა და არ ემსახურება პრობლემის ფუნდამენტურად გადაჭრას. 
ხელისუფლებისა და კრიმინალის კოორდინირებული მოქმედებების გამო, ასეთ დროს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ის რიგითი, პატიოსანი პოლიციელები და სამართალდამცავები, რომლებსაც დღეს საკუთარი საქმიანობის დამოუკიდებლად, კანონის შესაბამისად წარმართვა შეზღუდული აქვთ.

აღნიშნულ საკითხზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური ფონი, უპერსპექტივობა, უმუშევრობა, რაც ივანიშვილის ხელისუფლების ხელწერაა. ამ მხრივ, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს ჩვენი მომავალი თაობა წარმოადგენს, სადაც პროფესია დაუფლებული ახალგაზრდების 52% უმუშევარია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა ახალი, მკვლელი ნარკოტიკული ნივთიერების შემოდინება რუსეთიდან ემიგრაციული 
ტალღის შემოსვლასთან ერთად გაიზარდა, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.

ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. 
პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენ მოქალაქეებში პერსპექტივის განცდის დაბრუნება, რაც მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური განვითარებითაა შესაძლებელი.
აგრეთვე, აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდეს ქმედითი, ეფექტური და დროული რეაგირება;

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლებისთვის განკუთვნილ კამპანიებს - სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ნარკომოხმარებისა და  ნარკოდამოკიდებულების პრევენციის მიმართულებით;

 სახელმწიფოში უნდა შეიქმნას დასავლური სტანდარტის სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებიც ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლებულ ადამიანებს სოციუმში სრულფასოვან ინტეგრაციაში დაეხმარება, - ნათქვამია განცხადებაში.