სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო

26.02.24 13:27
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო - ამ ინფორმაციას "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო.

ბიძინა, მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის", - წერს მამუკა ხაზარაძე.

 

სტრასბურგის სასამართლოს ხაზარაძე-ჯაფარიძემ უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემდეგ მიმართეს. ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

მსგავსი სიახლეები