ივანიშვილმა დაიწყო და "ოცნება" აგრძელებს ჩვენი მორალური მკვლელობის მცდელობას - ბადრი ჯაფარიძე

26.02.24 15:08
ივანიშვილმა დაიწყო და "ოცნება" აგრძელებს ჩვენი მორალური მკვლელობის მცდელობას - ბადრი ჯაფარიძე

მორალური მკვლელობის საქმე პარტია "ლელოს" წინააღმდეგ - ასე აფასებს ბადრი ჯაფარიძე "ქართული ოცნების" განცხადებებს, რომლებიც ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართებით იყენებენ. 

ჯაფარიძის თქმით, კამპანია ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და "ქართული ოცნების" ლიდერებმა გააგრძელეს. 

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ლელოს“ ლიდერების, სარჩელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე. 

როგორც ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის და ჩემი სარჩელი საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაგვამტყუნეს ვითომდა თაღლითობის ჩადენის გამო. ეს სარჩელი არა მხოლოდ მიღებულია, არამედ სასამართლომ უკვე დაიწყო განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში და ამ საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა.

ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციაში ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან და კლავენ. საქართველოში, ცდილობენ ოპონენტებს სხვაგვარად გაუსწორდნენ - მორალურად მოკლან ისინი. 4 წელია, მამუკა ხაზარაძის და ჩემი მორალურად მოკვლის მცდელობაა. ეს ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და მასში „ქართული ოცნების“ ყველა სპიკერი მონაწილეობს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვიწოდებს ხანდაზმულ თაღლითს, მაროდიორს, ბანდიტს, ფულის გამთეთრებელს. რა თქმა უნდა, მათი იმედია, რომ სრულად აკონტროლებდნენ პროკურატურას და სასამართლოს და შეუძლიათ, გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ სასამართლოში, მაგრამ მათ ხელი არ მიუწვდებათ ევროპულ სასამართლოზე და ამიტომ დავიწყეთ ეს პროცესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ პოლიტიზებული მართლმსაჯულება. ამ მორალური მკვლელობის მცდელობას ვუპასუხეთ გაძლიერებით და იმით, რომ ჩვენი მცდელობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, შედეგს გამოიღებს, არავინ აღარ იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნილი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები