ხანგოშვილის მკვლელი შესაძლოა, კარამურზაში გაცვალონ - ზურაბ ხანგოშვილი
გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს კარამურზაში გაცვლიან - ამ ინფორმაციას "პირველებს" ზელინხან ხანგოშვილის ძმა უყვება.
როგორც ზურაბ ხანგოშვილი ამბობს, მას ადვოკატმა უთხრა, რომ ამ ეტაპზე მიდის საუბარი კარამურზაში გაცვლასთან დაკავშირებით. ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი გერმანიაში სამუდამო პატიმრობაშია. ამას გარდა, ზურაბ ხანგოშვილი ამბობს, რომ კარამურზამდე საუბარი იყო ზელიმხანის მკვლელის ნავალნიში გაცვლაზე. ზელიმხან ხანგოშვილის ძმას იმედი ჰქონდა, რომ მისი ძმის მკვლელი დამკვეთებს დაასახელებდა, თუმცა როცა გაცვლაზე მიდის საუბარი, ამის მოლოდინი აღარ აქვს.
ნავალნიზე იყო ერთი მომენტი, მითხრეს, რომ არის საუბარიო, მაგრამ ასეთი საუბარი არ იყო, რომ მნიშვნელობა არ მივეცი. ახლა დამიკავშირდა ადვოკატი, მითხრა, რომ არის საუბარიო, რომ კარამურზაში გაცვალონ.
ჩემი პოზიციაა, რომ აქამდე იმედი მქონდა, რომ რაც ის იმედს დაკარგავდა, რომ მას არ გაცვლიდნენ, ის ალაპარაკდებოდა და იტყოდა, ვინ დაეხმარა, ვინ გადასცა იარაღი, ვინ მიუტანა სკუტერი და ვინ მისცა ის ინფორმაცია, რომ ჩემს ძმას იმ დროს, იმ გზაზე უნდა გაევლო.
ვიცი, რომ ადვოკატი ჰყავს, ადვოკატის მეშვეობით იმედებს აძლევენ, იცის, რომ არის საუბარი, რომ მას გაცვლიან და დაბრუნდება რუსეთში და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ის არაფერს არ იტყვის, იმედი დაკარგულია,“ - ამბობს ზურაბ ხანგოშვილი.
ალექსეი ნავალნის გაცვლა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელზე ვადიმ კრასიკოვზე იგეგმებოდა - ამის შესახებ ნავალნის გუნდის წევრი საუბრობს.
რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარამურზა მოსკოვის სასამართლომ ღალატის ბრალდებით გაასამართლა და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.