ქოცებმა გადაწყვიტეს, აწი, აღარ შეამოწმონ ერთმანეთის შარდის სიწმინდე - ხვიჩია
"ქოცებმა გადაწყვიტეს აწი აღარ შეამოწმონ ერთმანეთის შარდის სიწმინდე", - ამ განცხადებას "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია აკეთებს და ეხმაურება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ.
იაგო ხვიჩიასთვის "ოცნების" მიერ ინიცირებული ცვლილებები მისაღებია.
შარდის სიწმინდე მოწმდებოდა აქამდე დეპუტატის და სხვადასხვა თანამდებობის პირების. მოგეხსენებათ, ჩვენი კოლეგები ხშირად აპელირებდნენ, ვის ჰქონდა შარდი წმინდა და ვის არა და ეს დისკუსია, რომ მოიხსნას, როგორც ჩანს, ქოცებმა გადაწყვიტეს აწი აღარ შეამოწმონ ერთმანეთის შარდის სიწმინდე და შემოიტანეს კანონი ამის გასაუქმებლად. ჩვენ მივესალმებით, არ აქამდე იყო საჭირო,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ. უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია.