როგორც კი ერთი კითხვა დაისმევა, პირველი გავვარდები - მდინარაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე
"როგორც კი ერთი კითხვა დაისმევა, პირველი გავვარდები," - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე ნარკოლოგიური შემოწმების საჭიროების გაუქმებას დეპუტატებისთვის და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის.
მდინარაძისთვის მიუღებელია ნარკოლოგიური შემოწმების გავლა რომ უწევთ დეპუტატებს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ კითხვები გაჩნდება, ის მზადაა კლინიკაში სრული ნიმუში ჩააბაროს.
მგონია, რომ ამ საკითხზე იქნება საყოველთაო კონსენსუსი იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც შეურაცხმყოფელი ფორმა არის, როდესაც საპარლამენტო სიაში მოხვედრის მსურველებმა უნდა გაიარონ ნარკოტიკული შემოწმება. როგორც კი ერთი კითხვა დაისმევა, პირველი გავვარდები, პირველი მივალ და არა იმ მართლაც უხერხული ფორმით, არამედ თმის ღერით ჩავაბარებ, ვიღაცებისგან განსხვავებით, რომლებიც გერმანიაში გარბოდნენ თავის დროზე და ცოტა უცნაურ კლინიკებში აბარებდნენ ხოლმე თავის დროზე,“ - ამბობს მდინარაძე.
სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ. უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია.