შეეშინდათ, რომ მათი ნარკოტესტი იყოს საჯარო - ელისო კილაძე

26.02.24 17:35
შეეშინდათ, რომ მათი ნარკოტესტი იყოს საჯარო - ელისო კილაძე

"ვფიქრობ, რომ ყველა მათგანს ამ კამპანიის ფარგლებში შეეშინდა საჯაროობის და შეეშინდა იმის, რომ მათი ნარკოტესტი იყოს საჯარო," - ასე აფასებს ელისო კილაძე "ოცნების" დეპუტატების ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც დეპუტეტებს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს ნარკოტესტის ჩაბარების საჭიროება მოეხსნათ.

როგორც ელისო კილაძე ამბობს,  იმ მძიმე ვითარების ფონზე, როცა არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე სწორედ ნარკოტიკმა იმსხვერპლა, ნაცვლად იმისა, რომ დეპუტატებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე ეზრუნათ, მხოლოდ საკუთარ თავს მოარგეს პროექტი.

წუხელ იყო მაგალითად ასეთი ფაქტი: რამდენიმემ მოიხმარა ერთად და აქედან სამი თუ ოთხი ფატალური შედეგით არის დასრულებული, ორი კიდევ ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში სიკვდილს ებრძვის. ხალხო, ეს ჩვენს ირგვლივ ხდება და რაღაცნაირად უნდა გავაგებინოთ ამ ადამიანებს, რომ უნდა იმკურნალონ, ან არ უნდა მიეკარონ ამ მკვლელ ნარკოტიკს. ვფიქრობ, რომ ყველა მათგანს ამ კამპანიის ფარგლებში შეეშინდა საჯაროობის და შეეშინდა იმის, რომ მათი ნარკოტესტი იყოს საჯარო. მე მათგან სხვა რამეს ველოდებოდი, მაგალითად იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები წავიდოდნენ და საჯაროდ ნარკოტესტს ჩააბარებდნენ და ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას. ერთი მოწოდება ნახეთ მსგავსი? - არა და კანონი ნახეთ ინიცირებული, რომელიც სავალდებულოს არ ხდის ამ ნარკოტესტებს და მგონი, შეკითხვები აღარ დარჩა,“ - ამბობს ელისო კილაძე.

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ. უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია.

 

მსგავსი სიახლეები