სოციალური სამართლიანობის ცენტრი: გელათში დამდგარი ზიანი სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის" ცენტრი გელათის კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 2021-2022 წლებში განხორციელებულმა ჩარევებმა "შეუქცევადი ზიანი" გამოიწვია.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დასკვნა სახეზეა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის საექსპერტო დოკუმენტაციის კვლევის მიხედვით, რომლის თანახმადაც ჩარევამდე არ არსებობდა გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაუმჭვირვალე იყო.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს, რომელიც დროის მოკლე ვადაში უნდა განხორციელდეს და ეფექტური შედეგი უნდა გამოიღოს.
თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალური პროკურატურისთვის მიმართვის საფუძველი გახდა.
მინისტრის მიერ შერჩეულმა ჯგუფმა 2021 წლის ოქტომბერში ჯერ კიდევ გამოუმშრალ, სველ ბათქაშზე განახორციელეს არა მხოლოდ საკონსერვაციო, არამედ სარესტავრაციო სამუშაოებიც, რამაც მოგვიანებით კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც დადასტურდა სპეციალისტების დასკვნებით", - აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.