სტრასბურგის სასამართლომ დღეს დიდი სილა გააწნა "ოცნების" ანტიქართულ ხელისუფლებას - გეგელია
"სტრასბურგმა დღეს დიდი სილა გააწნა "ოცნების" ანტიქართულ ხელისუფლებას", - ასე ეხმაურება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩლის განხილვაში მიღებას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს "რუსეთის მსახურ ლაქიებს" უწოდებს და აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ არასამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის პირობებშიც კი გამარჯვება მოიპოვა.
რუსული სისტემა მარტო რუსეთში კი არ ინგრევა, მარტო რუსეთ-უკრაინის ომის გამო კი არ ინგრევა ეს რუსული წეს-წყობილება, რუსული მენტალობა, ყველგან ინგრევა, საქართველოშიც ინგრევა. ის სამარცხვინო საქმე, რომელიც წლების წინ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღძრეს, ხომ ვხედავთ, რომ ხუხულასავით იშლება. ამ სასამართლოთიც კი ვერაფერს ვერ გახდნენ. მურუსიძის სასამართლოშიც, ამ სასამართლო პირობებშიც კი მოიგეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ. ეს არის ფუნდამენტური დარტყმა არა მარტო "ქართულ ოცნებაზე", არამედ რუსულ მენტალობაზე, რუსულ რეჟიმზე, რუსეთის მსახურ ლაქიებზე და მე ვფიქრობ, რომ სტრასბურგმა დღეს ძალიან დიდი სილა გააწნა "ქართული ოცნების" ანტიქართულ ხელისუფლებას", - ამბობს გეგელია.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს ხაზარაძე-ჯაფარიძემ უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემდეგ მიმართეს - ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდადებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.