რუსმა ექსპერტებმა საქართველო "შედარებით მეგობრული" ქვეყნების სიაში შეიყვანეს
რუსმა ექსპერტებმა საქართველო "შედარებით მეგობრული" ქვეყნების სიაში შეიყვანეს. 2023 წლის მონიტორინგის შედეგები რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. კვლევაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა, წელს პირველად რუსეთის მიერ ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთიც მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი აშკარად ანტირუსულია, ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციების რეჟიმი შერბილდა: გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, აღდგა ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა, ქართველი ახალგაზრდები აქტიურად არიან დაინტერესებული რუსული საგანმანათლებლო პროექტებით და ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში." - ამტკიცებენ რუსი მკვლევარები.
რუსმა ექსპერტებმა არამეგობრულად დაასახელეს პოსტსაბჭოთა 5 ქვეყანა - მოლდოვა, უკრაინა, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
"მეგობარი ქვეყნების" რეიტინგში კი პირველ ადგილზეა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი, მეორეზე ბელარუსი, მესამეზე ასევე ოკუპირებული აფხაზეთი; ამავე კატეგორიაში მოხვდა ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი.
რაც შეეხება სომხეთს, "მისი მაჩვენებლები ყველაზე მეტად შეიცვალა უარესობისკენ" - შეშფოთებით აღნიშნავენ რუსი ექსპერტები.