ბჟანიას და არძინბას განცხადებებს ჟენევის დისკუსიების ადგილის შეცვლაზე საგარეო უწყება ეხმაურება
საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტისა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ჟენევის დისკუსიების სხვა ტერიტორიაზე ჩატარებას შეეხება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის," - ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, რომ მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას მოითხოვს, საუბარია, მინსკზე და ბაქოზე. არძინბა აცხადებს, რომ „საქართველო უარს ამბობს პოლიტიკურ დიალოგზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერაზე“. ე.წ. პრეზიდენტის ბჟანიას თქმით კი, საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მასთან შეხვედრისას დააყენა.