იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის - ვინ (არ) უჭერს მხარს კანონპროექტს?

28.02.24 12:08
იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის - ვინ (არ) უჭერს მხარს კანონპროექტს?

იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის  - „გირჩის“  ახალ ინიციატივას „ლელოს“  და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.

„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის  პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს. 

  • ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო  დანაშაულისთვის დაკავებულებსაც. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, "გირჩის" ინიციატივას მხარს უჭერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", ხატია დეკანოიძე, პროექტს სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ ევროპელი სოციალისტებიც კი. 

ხვიჩიას ინიციატივის მიხედვით, ციხის კარი დაახლოებით 5 000 პატიმრისთვის გაიღება. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, ყველა პატიმარს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდება.  ხვიჩია ფიქრობს, რომ ამნისტია უნდა შეეხოს სამოხელეო დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს. 

კანონპროექტის ავტორი, არ მალავს, რომ იმ შემთხვევაში თუ დიდი ამნისტია გამოცხადდება და სასჯელაღსრულებას 5 000 პატიმარი დატოვებს, შესაძლოა, მათ ხმები გადამწყვეტ არჩევნებზე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მისცენ. 

"ჩემი აზრით, პრემიერი კობახიძე მართალია და ჩვენ მაქსიმუმ 5 500 პატიმარი უნდა გვყავდეს. ჩემი აზრით (ხმები) გადანაწილდება, თუმცა ვინც ყველაზე მეტ წვლილს შეიტანს ამ საქმეში და ამ კანონს ყველაზე მეტი ოდენობით დაუჭერს მხარს, ყველაზე მეტ ხმას ის იმსახურებს და თუ "ქართული ოცნება" ამას გააკეთებს დაე, მიიღოს ამ ხმების უმრავლესობა"- აცხადებს ხვიჩია. 

"ლელოში" პირდაპირ აცხადებენ, რომ კანონპროექტი უდიდესი საფრთხის შემცველია და საზოგადოებრივ სიკეთეს არ წარმოადგენს. 

„ჩვენ მხარს არ ვუჭერთ აღნიშნულ ამნისტიის პროექტს იმიტომ, რომ არ მიგვაჩნია, მაგალითად, სამოხელეო დანაშაული უნდა იყოს ამნისტირებული. საზოგადოებისთვის საფრთხედ მიგვაჩნია ამ ამნისტიის განხორციელების შემთხვევაში უამრავი ძალიან მძიმე დამნაშავის გამოშვება საპყრობილიდან“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

გიორგი გახარიას პარტიის, წევრი ალექსანდრე მოწერელია აღნიშნავს, რომ  ზოგადად ამნისტიას პარტიაში ეთანხმებიან, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ამნისტიით გათავისუფლებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან: 

„არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ ამ ამნისტიის შედეგად, ეს შეეხოს სააკაშვილს, ადეიშვილს და სხვებს და ასევე ნარკორეალიზატორებს. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოზიცია. ჩვენ ამნისტიას ზოგადად ვუჭერთ მხარს, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ — წარმოდგენილი სახით მხარს არ ვუჭერთ და არ დავუჭერთ“,- ამბობს ალექსანდრე მოწერელია.

თეონა აქუბარდიას თქმით, ამნისტია ჰუმანური აქტია და ყოველთვის კარგია, თუმცა კანონპროექტის გაცნობისა და ავტორებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მათი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდა.

რა წერია დოკუმენტში?

პარტია „გირჩის" შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, სასჯელი თითქმის ყველა პატიმარს შეუმცირდება, ამნისტია არ შეხებათ არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებულებს.

"გირჩი" ყველა პატიმრისთვის, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, პატიმრობის მაქსიმალურ ვადად 30 წლის განსაზღვრას ითხოვს.

კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 273¹ და 265 მუხლებით მსჯავრდადებულთა გათავისუფლებას -  კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება.

სამოხელეო და ნარკოტიკული დანაშაულს რაც შეეხება-  სასჯელი 1⁄4-ით შეუმცირდებათ სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს.

მსგავსი სიახლეები