ინიცირებული ამნისტია მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება
ინიცირებული ამნისტია მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება - თუ პარლამენტი "გირჩის" ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.
შემოთავაზებული ვერსიით, სასჯელის შემცირება, ან ციხიდან გათავისუფლება ნარკოდანაშაულის გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების მუხლებზეც ვრცელდება. სწორედ ამ მუხლებით იხდის სასჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
ინიციატივას მხარს უჭერენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და დამოუკიდებელი დეპუტატები. ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავა "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ მთავარი მოტივაცია, რის გამოც იგი არ ეწინააღმდეგება "გირჩის" კანონპროექტს, არის ის, რომ ამნისტია შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს.
ვფიქრობ, რომ ზოგადი ამნისტია მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, თუმცა დამატებითი დეტალები უნდა გაირკვეს ამ ინიციატივის ავტორებთან. ეს თუ იქნება ფართო ამნისტია, რომელიც შეეხება ფართო ჯგუფებს, ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივა, ამიტომ განვიხილავთ ამ ინიციატივის მხარდაჭერას და მზად ვართ, გავაგრძელოთ დისკუსიები ამ ინიციატივის ავტორებთან", - აღნიშნა ბოკუჩავამ.
გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატები ფიქრობენ, რომ საჭიროა, პატიმრებთან დაკავშირებით ჰუმანური პოლიტიკა არსებობდეს, აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანომ მოცემული ინიციატივა უნდა დაამტკიცოს.
დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ძალაში შევა, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას პოლიტიკური ზემოქმედების იარაღი წაერთმევა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი მართლმსაჯულების აღდგენას.
რა თქმა უნდა, მიშა სააკაშვილსაც ეხება. მანდ ბევრი მუხლია, თითქმის ყველა მუხლი. არ ეხება, მხოლოდ და მხოლოდ, ოჯახში ძალადობას, ქალზე მოძალადეებს და ბავშვებზე მოძალადეებს. ვფიქრობ, რომ ეს ამნისტია პოლიტიკური ზემოქმედების იარაღას გამოაცლის "ქართულ ოცნებას". მეორე ნაწილი, დიახ, როდესაც მუდმივი საუბარი მიდის სასამართლოს მიკერძოებულობაზე, მართლმსაჯულების სამართლიანობაზე, მაშინ ამნისტია შეიძლება იყოს ის ჰუმანური აქტი, რომელიც გაუჩენს სამართლიანობის განცდას ციხეშ მყოფ ადამიანებს", - თქვა თამარ კორძაიამ.