ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - პროცესი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ განახლდა
სასამართლო დღეიდან თაროდან ჩამოღებული საქმეების განხილვას იწყებს. პოლიტიკური პროცესი ტვ პირველის და "ლელოს" წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში 3 საათზეა ჩანიშნული.
საქმის ადვოკატი ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ავთანდილ წერეთლის მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ შეწყდა, მას შემდეგ რაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყვეტილიყო. "ლელოს" წევრები ფიქრობენ, საქმის თაროდან ჩამოღება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს უკავშირდება.
ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.
საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი ტვ პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.