საქართველოს ევროპულ გზაზე ერთადერთი გამოწვევა რუსეთია - საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს ხალხის დნმ არის, რომ იყვნენ ევროპელები - სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ისტორიული წარსული მიმოიხილა და ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, 2008 წლის ომზე და იმ ვითარებაზე, რასაც ოკუპანტები ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და თქვა, რომ სწორედ ამ ომში უკრაინის გამარჯვებაზეა ახლა დამოკიდებული ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს მომავალი.
სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთადერთი გამოწვევა რუსეთია და სწორედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იქნება ახლა ბევრი რამ დამოკიდებული.
საქართველომ რომ შეაბიჯოს ევროპულ ოჯახში და ეს გზა რეალური გახდეს, ამ გზაზე ერთადერთი გამოწვევა არის რუსეთი, რომელიც უკრაინაშია შეჭრილი. ჩვენ ვიცით რა არის ეს, ვიცით რა არის რუსეთთან მეზობლობა და მის რეჟიმთან ბრძოლა.
ამ [ევროპულ] გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით. და ეს არის ყველა ევროპელის, ყველა დასავლური ძალის საერთო მცდელობები, მათ შორის ამერიკელების. ეს მთავარი მიზანია ყველასთვის, ვინაიდან, თუ რუსეთი არ აღიარებს იმას, თუ რას ნიშნავს იყო ერთი ერი, სხვა ერების საერთაშორისო საზოგადოებაში, თუ გააგრძელებს იმაზე ფიქრს, რომ გაფართოება შეუძლია, როდესაც რამე სისუსტეს იგრძნობს ან თუნდაც არ იგრძნოს და უბრალოდ გაფართოებას მოისურვებს, ვინაიდან, ეს მის ღრმა ბუნებაშია, მაშინ სტაბილურობა არ იქნება, მშვიდობა არ იქნება.
საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ევროპის მომავალი არის უკრაინაში. პუტინის ომის მიზნები ვერ შესრულდა, უკრიანა უკვე არის გამარჯვებული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის მთავრსარდალმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ გამყოფ ხაზთან ვითარება სულ უფრო უარესდება.
უფრო და უფრო უარესდება ცხოვრება გამყოფ ხაზთან, ჩვენს მოსახლეობას ძალიან რთული პირობებში უწევთ ცხოვრება.ქართული იდენტურიბის დაცვა არ ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.