კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან და პრემიერის ცვლილებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა... უცნაურ რაღაცებს ვხედავთ - ზურაბიშვილი
"კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა... პრემიერის ცვლილებიდან ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე, ერთ-ერთი კითხვის პასუხად განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში, მთელ სპექტრზე ყველა პროევროპული გახდა.
პრეზიდენტი საუბრობს ირაკლი კობახიძეზეც და აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტს უარყოფდა, ახლა ევროპელ და ამერიკელ ელჩებთან თუ დიპლომატებთან მუდმივ შეხვედრებს მართავს.
ზურაბიშვილი ამ ყველაფერს ევროპული გადაწყვეტილების შედეგს უწოდებს.
"ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან [საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება] მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა. იამ გადაწყვეტილებიდან და პრემიერის ცვლილებიდან, ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ, არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორი ახსნა მაქვს. მის გარდა, რომ საქართველოში, მთელ სპექტრზე ყველა პროევროპული გახდა, ახლა ყველა ამბობს, რომ ის იყო მთავარი ფაქტორი. რაც კარგია. ეს ერთია.
ამ გადაწყვეტილებიდან და პრემიერმინისტრის ცვლილებიდან, ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ. ისევ, არ მთხოვოთ ახსნა, შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რას ვხედავ და როგორ ვახდენ ინტერპრეტაციას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორი ახსნა მაქვს
ახალი პრემიერმინისტრი გვყავს, ადამიანი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტი უარყო, რომელსაც ყველაზე ანტიდასავლური პროპაგანდისტული რიტორიკა ჰქონდა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. და მოულოდნელად, როგორც ახალი პრემიერმინისტრი, ის, პირველ რიგში, ბრიუსელში მიდის და ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელი პირველი ვიზიტის ადგილი იყოს.
თითქმის ყოველდღიურად ევროპელ ელჩებს იღებს, რათა თქვას, რამდენად მნიშვნელოვანია ამ 9 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. იღებს ამერიკელ ელჩს, რათა თქვას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ. თუ ეს არის ევროპული გადაწყვეტილების შედეგი, ვფიქრობ ამ ცვლილებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და იმავე მიმართულებით გავაგრძელოთ”, - ამბობს ზურაბიშვილი.