სააკაშვილის პატიმრობა უდიდესი რეპუტაციული ზიანია - სოფო ჯაფარიძე

29.02.24 11:38
სააკაშვილის პატიმრობა უდიდესი რეპუტაციული ზიანია - სოფო ჯაფარიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის თემაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის სალომე ზურაბიშვილს  ეთანხმება იმაში, რომ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა ქვეყანას ნამდვილად აყენებს რეპუტაციულ ზიანს.

ჯაფარიძე ზურაბიშვილს მოუწოდებს მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გაუღოს ციხის კარი.

იმ ნაწილში ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ ნამდვილად, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა და პატიმრობა არის უდიდესი რეპუტაციული ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ იმ ნაწილში არ ვეთანხმები, რომ კონკურენტუნარიანი და სამართლიანი იქნება არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება პატიმრობაში. ცხადია, ეს ასე არ არის. როდესაც ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ ისინი ამას არ იზამენ. ეს უნდა ქნას სალომე ზურაბიშვილმა. მას თუ სტკივა, მას თუ ადარდებს ქვეყნის რეპუტაცია, ის ვალდებულია, პირველ რიგში, რომ გაითვალისწინოს იმ ქვეყნის 100 ათასობით მოქალაქის აზრი, რომლის პრეზიდენტიც თავად არის", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

სალომე ზურაბიშვილი აღიარებს, რომ მიხელ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყანას რეპუტაციულად აზიანებს - დიდ ბრიტანეთში ჩასულ მეხუთე პრეზიდენტს მესამეზე საუბარიც მოუწია. ზურაბიშვილს კითხეს, რამდენად სამართლიანი და დემოკრატიული იქნება არჩევნები სააკაშვილის პატიმრობის პირობებში. კითხვაზე საპასუხოდ კი განმარტა, რომ საუკეთესო გამოსავალი მესამე პრეზიდენტის უკრაინაში ექსტრადირება იქნებოდა.