Freedom House-მა საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში შეიყვანა

01.03.24 10:10
Freedom House-მა საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში შეიყვანა

Freedom House-მა საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში შეიყვანა. საერთაშორისო ორგანიზაციის უახლესი კვლევით ჩვენს ქვეყანას 100-დან 58 ქულა მიენიჭა. ანგარიში 2023 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით არის მომზადებული. დოკუმენტში მოხვდა "ქართული ოცნების" მცდელობა მიეღო მმართველ პარტიას რუსული კანონი, რომლიც საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ გაუქმდა. Freedom House იტყობინება, რომ ქვეყანაში განსაკუთრებით მწვავედ დგას სამოქალაქო უფლებების საკითხი. ეს პუნქტი 60-დან 36 ქულით არის შეფასებული. ანგარიშში 40-დან 22 ქულით არის შეფასებული პოლიტიკური უფლებები.

"რეგიონის მასშტაბით რეპრესიული მთავრობები მიჰყვნენ მოსკოვის მაგალითს ისეთი კანონების ინიციირებით ან ამოქმედებით, რომლებიც "უცხოური აგენტის" იარლიყებს აკერებს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. 2023 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ სცადა, მიეღო უცხოური აგენტების კანონის თავისი ვერსია, რაც მნიშვნელოვნად გამოუთხრიდა ძირს გამოხატვის თავისუფლებას. კანონპროექტი გაუქმდა მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ. თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიუთითეს, რომ ის საჯარო კონსულტაციის შემდეგ შეიძლება ხელახლა იყოს წარმოდგენილი," - წერს Freedom House.