თავდასხმა ეკლესიაზე, პატრიარქზე, ზურაბიშვილმა ესეც იკადრა - მდინარაძე
სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" ახალი შეტევა წამოიწყო. პრეზიდენტის განცხადებები საპატრიარქოს რიტორიკის ცვლილების შესახებ ხელისუფლებამ ამჯერადაც საბაბად გამოიყენა და ლონდონიდან მიღებულ გზავნილებს თბილისში მწვავე კრიტიკით შეხვდა.
"ოცნებაში" ამბობენ, რომ პრეზიდენტი უკადრებელს კადრულობს.
რა იყო ის, რაც ქალბატონ სალომეს არ უკადრია დღემდე? ერთადერთი, ეს იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიაზე, პატრიარქზე და დღეს ესეც მოახერხა.
არ ვიცი, მას[სალომე ზურაბიშვილს] შეეცვალა საერთოდ აზროვნება, მართლა ასე ფიქრობს თუ ვიღაც ავალებს - ეს ვიღაც, "ნაცმოძრაობა" ან მისი პატრონი. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ქალბატონმა სალომემ ესეც მოახერხა: პატრიარქს დაესხა თავს და ცოცხალ ადამიანზე, რომელმაც ძალიან დიდი ხანი უნდა იცოცხლოს კიდევ და ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და რაღაც მინიშნების კონტექსტში პროევროპულ და რუსულ განსხვავებებზე მართვისა საპატრიარქოში. სად დადგა ეს დღის წესრიგში? რა პროევროპული მართვა, რაიმე შეამჩნია ისეთი, რომ იყო მართვა სადაც რუსული ელემენტები იკითხებოდა და ამას პატრიარქს აბრალებს თუ რა ხდება? მე მგონია, რომ რბილი ნათქვამიც კია სიბინძურე, თუ ამ კომენტარზე ამ სიტყვას გამოვიყენებთ, იმიტომ, რომ აქამდე მას ეს არ უკადრია და იკადრა ის, რაც ყველაზე რადიკალური ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა - რამდენიმე ადამიანმა იკადრა და ეს არის პატრიარქზე თავდასხმა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საპატრიარქოს მაღალი იერარქები კი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ზურაბიშვილი საეკლესიო საკითხებში ერევა. ფეისბუქზე გააქტიურდნენ ოცნების მხარდამჭერებიც და მართლმადიდებელი ეკლესიისგან რეაგირებას ითხოვენ.
ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა ლონდონში დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ საპატრიარქომ პროდასავლური საზოგადოების განწყობა საკუთარ რიტორიკაშიც უნდა ასახოს.
“ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს.
ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.