კობახიძე - არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ EU-ს, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში
"არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძე ევროპარლამენტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც არის საუბარი.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა.
მე ვერ მოვახდენ ქალბატონი რობერტა მეცოლას სიტყვების ციტირებას იმიტომ, რომ დახურული შეხვედრა გვქონდა მასთან და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ერთმანეთის სიტყვების ციტირება მოვახდინოთ. მან ძალიან ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებით, 2022 წელს ევროპარლამენტში განვითარდა. ეს არ იყო ჯანსაღი პროცესები. საბედნიეროდ, ამის შემდეგ ეს პროცესები შეწყდა, თუმცა, როგორც ჩანს ვიღაცებს არ მოსწონთ ეს დადებითი დინამიკა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებში, რაც ნიშნავს იმ პრეცედენტების კიდევ ერთხელ განმეორებას, რაც 2022 წელს იყო და რაც ვიხილეთ, მაგრამ იმედია, ეს არ მიიღებს ტენდენციის სახეს. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმაზე. არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში. ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა“, - განაცხადა კობახიძემ.