ზურაბიშვილი ისჯება იმის გამო, რომ ის არ გაჰყვა ივანიშვილის რუსულ კვალს - გეგელია

01.03.24 12:45
ზურაბიშვილი ისჯება იმის გამო, რომ ის არ გაჰყვა ივანიშვილის რუსულ კვალს - გეგელია

სალომე ზურაბიშვილი ისჯება პერმანენტულად იმის გამო, რომ ის არ გაჰყვა ბიძინა ივანიშვილის რუსულ კვალს - ასე ეხმაურება "ოცნების" მორიგ იერიშს პრეზიდენტის წინააღმდეგ "ლელოს" წევრი გრიგლ გეგელია.

რაც არ უნდა თქვას სალომე ზურაბიშვილმა, "ქართული ოცნების" ქართული ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მას დაესხას თავს. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი გუნდის წიაღიდან არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა წამოიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს არის ხელისუფლების ერთადერთი და ბოლო შტო, რომელიც იცავს საქართველოს ხალხის რეალურ გეოპოლიტიკურ ხმას და არჩევნას. ის ისჯება პერმანენტულად იმის გამო, რომ ის არ გაჰყვა ბიძინა ივანიშვილის რუსულ კვალს", - ამბობს გრიგოლ გეგელია.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" ახალი შეტევა წამოიწყო. პრეზიდენტის განცხადებები საპატრიარქოს რიტორიკის ცვლილების შესახებ ხელისუფლებამ ამჯერადაც საბაბად გამოიყენა და ლონდონიდან მიღებულ გზავნილებს თბილისში მწვავე კრიტიკით შეხვდა.

საპატრიარქოს მაღალი იერარქები კი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ზურაბიშვილი საეკლესიო საკითხებში ერევა. ფეისბუქზე გააქტიურდნენ ოცნების მხარდამჭერებიც და მართლმადიდებელი ეკლესიისგან რეაგირებას ითხოვენ.

ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა ლონდონში დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ საპატრიარქომ პროდასავლური საზოგადოების განწყობა საკუთარ რიტორიკაშიც უნდა ასახოს.

“ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს.

ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები