ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული - კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით მკაფიო პოლიტიკა აქვს.
კობახიძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ ხელშეკრულებებს სანქცირებულ კომპანიებთან აფორმებს.
რაც შეეხება სანქციებს, გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რომელიც ვრცელდება, როგორც პირდაპირი გაგებით სახელმწიფო სტრუქტურებზე, ასევე იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც სახელმწიფოსთან არიან დაკავშირებულნი, ასეთია საქართველოს რკინიგზა. მართალია არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული. მათ შორის, არაა დაშვებული თანამშრომლობა სანქცირებულ კომპანიებთან, ესაა ჩვენი პოლიტიკა“,- განაცხადა კობახიძემ.