საპატრიარქოს ყველაზე დიდი ზიანი "ოცნებამ" მიაყენა, როცა საიდუმლო ჩანაწერები გამოაქვეყნეს - მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ საპატრიარქოს ზიანი სალომე ზურაბიშვილმა კი არა "ოცნებამ" მიაყენა როცა საიდუმლო ჩანაწერები გამოაქვეყნეს, პატრაირქს უსმენდნენ და აღსარებების საიდუმლოებები სააშკარაოზე გამოიტანეს.
ეს არის ფარისევლობა. საპატრიარქოს ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა "ქართულმა ოცნებამ", როცა საიდუმლო ჩანაწერები გამოაქვეყნეს, როგორ უსმენდნენ პატრიარქს, როგორ უსმენდნენ ეპისკოპოსებს. მათ შორის ამ ჩანაწერებში დასტურდება, რომ აღსარების საიდუმლოებებიც კი გაამჟღავნეს, რომლებიც არის დაცულია ქრისტიანული ტრადიციით", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" ახალი შეტევა წამოიწყო. პრეზიდენტის განცხადებები საპატრიარქოს რიტორიკის ცვლილების შესახებ ხელისუფლებამ ამჯერადაც საბაბად გამოიყენა და ლონდონიდან მიღებულ გზავნილებს თბილისში მწვავე კრიტიკით შეხვდა.
საპატრიარქოს მაღალი იერარქები კი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ზურაბიშვილი საეკლესიო საკითხებში ერევა. ფეისბუქზე გააქტიურდნენ ოცნების მხარდამჭერებიც და მართლმადიდებელი ეკლესიისგან რეაგირებას ითხოვენ.
ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა ლონდონში დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ საპატრიარქომ პროდასავლური საზოგადოების განწყობა საკუთარ რიტორიკაშიც უნდა ასახოს.
“ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს.
ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.