ელმავლების შესყიდვის შემდეგ, რუსეთთან ტექნიკის შეკეთებისთვის კონტრაქტი ფორმდება - რკინიგზის საეჭვო გარიგებები

01.03.24 17:19
ელმავლების შესყიდვის შემდეგ, რუსეთთან ტექნიკის შეკეთებისთვის კონტრაქტი ფორმდება - რკინიგზის საეჭვო გარიგებები

რკინიგზის საეჭვო გარიგებები და 54 მილიონი, რომელიც, დიდი ალბათობით, რუსეთში წავა - რატომ შედის ქართული მხარის ინტერესებში ოკუპანტ ქვეყანასთან კავშირების გაღრმავება, ოპოზიცია სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე ამახვილებს ყურადღებას. 

ფაქტები ასეთია - ჯერ კიდევ თვეების წინ რკინიგზამ რუსეთისგან ელმავლები შეიძინა, ახლა კი იგივე ელმავლებისგან მომსახურებას ყიდულობენ. 

საქართველოს რკინიგზა ახალ კონტრაქტს სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან აფორმებს, თუმცა დოკუმენტები ისეა შედგენილი, რომ ეს ფაქტი დაიმალოს. ირკვევა, რომ  ელმავალების შეკეთების ვალდებულებას შუამავალი ქართული კომპანია "გეორგია" იღებს, რომელიც სამუშაოებს რუსულ ქარნხნებს დაუკვეთავს. ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილია და ახლა ხელმოწერა დარჩა. 

შეიქმნა ერთგვარი ჯაჭვი და სახეზეა სრული დამოკიდებულება რუსეთზე - ამბობენ კორუფციის მკვლევარები. 

ირკვევა, რომ მხოლოდ ორ წელში ოკუპანტ ქვეყანასთან 290 მილიონის ხელშეკრულებებია გაფორმებული, რასაც ერთი ხელმოწერით მალე კიდევ ათობით მილიონი დაემატება.

რკინიგზა რომ თანამშრომლობს რუსულ კომპანიებთან, ეს გაცხადებული პოლიტიკაა, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ახალი სქემაც მოიფიქრეს. მოფიქრებულია ის, რომ შემოდის შუამავალი კომპანია და დღეს რომ მიხვიდეთ და ჰკითხოთ, რატომ ყიდულობ სანქცირებული კომპანიისგან, მათი პასუხი იქნება, რომ ვყიდულობთ ქართული კომპანიისგან. სინამდვილეში ეს ქართული კომპანია ყიდულობს უკვე რუსეთიდან.
აქ არის მნიშვნელოვანი, ეს შუამავალი კომპანიები როგორ ურთიერთობენ სანქცირებულ კომპანიებთან, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში გადარიცხვები არ ხდება, გამოდის, რომ მართლაც ჩემოდნით გადააქვთ ფული რუსეთში.
„ქართული ოცნება“ მოქმედებს სახელმწიფო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რუსეთი არის მტრული სახელმწიფო და ჩვენ ხალხის მიერ შეგროვებულ საბიუჯეტო ფულს მტრულ სახელმწიფოს ვაძლევთ, ამაზე მეტი ლუსტრაცია ფიზიკურად აღარ არსებობს,“ - ამბობს ბესიკ დონაძე.

ფაქტია, რომ მთელი მსოფლიო და ცივილიზებული სამყარო ცდილობს, დისტანცირდეს რუსეთისგან და რუსული ბაზრისგან, ამ დროს საქართველოს ხელისუფლება აფორმებს კონტრაქტებს რუსულ კომპანიებთან, მათ შორის, რუსულ სანქცირებულ კომპანიებთან. საქართველოს ხელისუფლება ეხმარება რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ სანქციების გვერდის ავლაში პუტინის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი ფაქტები და ეროვნული ხელისუფლება რომ ჰყავდეს ამ ქვეყანას, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ექნებოდა,“ - ამბობს ირაკლი აბესაძე.

მსგავსი სიახლეები