ნიღაბი ჩამოხსნილია - ღარიბაშვილის საქართველოს პრეზიდენტზე
სალომე ზურაბიშვილზე იერიში დღეს ირაკლი ღარიბაშვილმაც გააგრძელა - "ოცნების" თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტის ლონდონში გაკეთებულ განცხადებას პატრიარქზე და ეკლესიაზე შეტევა უწოდა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა.
როგორ შეიძლება, საქართველოს პატრიარქზე, ჩვენს ძვირფას ადამიანზე ასეთი მკრეხელური განცხადება გააკეთო, თან ვინ, პრეზიდენტმა. აქ მე მგონი, საქმე გვაქვს ძალიან დიდ ანტიქართული მოვლენასთან. ეს არის პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე და მე ვფიქრობ, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის სახეს წარმოადგენს ძალიან კარგად. ის ნიღაბი, რაც მას ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ნიღაბი ჩამოხსნილია", - ამბობს ღარიბაშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ საპატრიარქომ პროდასავლური საზოგადოების განწყობა საკუთარ რიტორიკაშიც უნდა ასახოს.
“ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს.
ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.