აუცილებელია ჩვენი შვილების, მომავალი თაობის დაცვა მავნებლური, ანტიეროვნული, ანტიადამიანური ლგბტ პროპაგანდისგან - ღარიბაშვილი
აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა, ამ მავნებლური, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა და ისევე როგორც თავის დროზე მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი, ისე უნდა იქნას მიღებული ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტი.
„გადახედეთ რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა მიმდინარეობს. ყველგან - ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ბავშვებს ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ, შეიცვალოთ. დღეს არის საგანგაშო ვითარება. ჩვენ გუნდში გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. ისევე, როგორც თავის დროზე მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაშინ მე გავახმოვანე ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში და შემდეგ კონსტიტუციაში ჩაიწერა ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რომელთაც სჭირდება ძალიან სერიოზული მიდგომა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.