ვერავინ გაგვიბედავს გვაკადროს "ან ევროპა ან ლგბტ პროპაგანდა" - მდინარაძე

02.03.24 14:41
ვერავინ გაგვიბედავს გვაკადროს "ან ევროპა ან ლგბტ პროპაგანდა" - მდინარაძე

თუ ოდესმე იქნება ცდუნება, რომ ლგბტ პროპაგანდამ საქართველოში გაშალოს ფრთები, ჩვენ ეს კარი უნდა ამოვქოლოთ - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ევროკავშირმა და დასავლეთმა ევროპული მომავლის სანაცვლოდ არ უნდა დაგვიყენოს საკითხი "ან ევროპა ან ლგბტ პროპაგანდა", რადგან მისი თქმით, ეს მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესისთვის.

მესამე დღეა, ჩვენ ველოდებით ჩვენი ოპონენტების პოზიციას ამასთან დაკავშირებით. გვიერთდებიან თუ არა მიდგომაში, რომ ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვასთან ერთად, უნდა ვებრძოლოთ თუ არა ფსევდოლიბერალური ხასიათის პროპაგანდას, რასაც ლგბტ პროპაგანდა ჰქვია. ჩვენ მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ მესამე დღეა ჩვენი ოპონენტებისგან ზოგად საკითხზე, არამედ რამეთუ დაწერილ ნორმაზე, რომელიც ჯერ არ არსებობს. შემოგვთავაზონ ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ მკაფიოდ ისე უფლებები ნებისმიერი განსხვავების, ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად და ლგბტ პროპაგანდა. ამაზე ჩვენ ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ისინი ამბობენ, რომ რა დროს ეს არის, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. რა საკითხი არ დგას დღის წესრიგში? დღეს თანამედროვე მსოფლიოში ეს საკითხები არ გეცნობათ, რომ აქტუალურია? ახლა ინტერნეტი, საინფორმაციო ველი გავსებულია იმით, რომ ბავშვებს წარმატებულ მაგალითად აჩვენებენ, რომ ტრანსგენდერი გადაკეთდა ქალად, კაცად.

დღეს თანამედროვე სამყაროში არსებობს გამოწვევა, ისევე როგორც 2017 წელს არსებობდა ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებული გამოწვევა, ჩვენ ამოვქოლეთ ეს კარი და მოვუჭერით ეს გზა იმ ხალხს, რომ ოდესმე ვინმეს თუ მოუნდება დაგვაძალოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ჩვენ ვეტყვით, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს არის აკრძალული, მათ შორის, ახლა ჩვენ კანონზე ვიმსჯელებთ იმიტომ, რომ თუკი ოდესმე იქნება იმისი ცდუნება, რომ ლგბტ პროპაგანდამ საქართველოში გაშალოს ისე ფრთები, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენ ეს კარი ამოვქოლოთ და მოვჭრათ.

ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაბედავს, რომ ეს დააკავშიროს ევროპულ მომავალს და ასე დააყენოს ეს საკითხი, გთხოვთ, ნუ იკადრებთ! ქართველ ხალხს ნუ აკადრებთ იმას, რომ ან ევროპა ან ლგბტ პროპაგანდა. ასე საკითხი არ უნდა დადგეს. თუ ასე დადგება საკითხი, ეს იქნება დამაზიანებელი და დამანგრეველი. ჩემი აზრით, ამ მიდგომების გამო ჩვენ ვერავინ გაგვიბედავს, რომ ასე დაგვიყენონ საკითხი", - ამბობს მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები