"ოცნებას" გადამწყვეტი არჩევნების ეშინია - ღარიბაშვილის აღიარება
აღიარება ირაკლი ღარიბაშვილისგან - "ქართულ ოცნებას" გადამწყვეტი არჩევნების ეშინია. ყოფილმა პრემიერმა დღეს ასდღიანი ტურნე დაიწყო და კამერებთან აგრესიული მესიჯებით გამოჩნდა, თქვა რომ ახლა "ოცნების" მთავარი სამიზნე ამომრჩეველთა ის 20 პროცენტია, რომელსაც შეუძლია არჩევნების ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ვის უნდა მისცეს ხმა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს დღეს არ დაუმალავს, რომ "ქართული ოცნების" საზრუნავი ახლა, ამ ხმების ხელში ჩაგდებაა.
„არჩევნებზე დიდი მნიშვნელობა ექნება დეზინფორმაციისგან ჩვენი საზოგადოების დაცვას. რას ვგულისხმობ ამაში - ე.წ. კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, გაშლა მოახდინოს. ეს აპრობირებული მეთოდია. ეს ე.წ. ახალი ტაქტიკა ისაა, რომ რაიმენაირად 20% გადაუწყვეტელი, შუაში მყოფი ამომრჩეველი შეაცდინონ და წარმოაჩინონ,რომ ისინი [სხვა ოპოზიციური პარტიები] „ნაციონალურ მოძრაობას“ არ წარმოადგენენ. სინამდვილეში ეს ძალიან დიდი ტყუილია და ჩვენი საზოგადოება ამას არ მიიღებს. რეალურად არ არსებობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი არცერთი ოპოზიციური პარტია. იქნება ეს „ლელო“ – „ნაციონალები“, თუ „გირჩი“ „ნაციონალები“ - ისინი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, რომელთა მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს არჩევნები ძლიერად და დამაჯერებლად მოვიგოთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა "ოცნებამ" ძლიერად და დამაჯერებლად მოიგოს.
„ორი კვირის წინ დავაანონსე რომ 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით. დღეს შევხვდი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, პარტიულ აქტივს. ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხებზე. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ამ არჩევნების ძლიერად მოგება. ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, ამაზე კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხია, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს იყო მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან. მაგარი განწყობაა. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩვენი გასვლითი ღონისძიებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.