რუსული ხელისუფლების პირობებში სასამართლოში არდაბარება უფრო სირცხვილი იქნებოდა - ვატო წერეთელი
"რუსული ხელისუფლების პირობებში სასამართლოში არდაბარება უფრო სირცხვილი იქნებოდა", - ამის შესახებ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ტვ პირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა, განაცხადა. წერეთლის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას ისახავს მიზნად.
პოზნერი რესტორანში წელავს, გავრილოვი- პარლამენტში, ჩემი ოჯახი სასამართლოში დადის. რუსული ხელისუფლებიდან გამომდინარე ვფიქრობ, სასამართლოში არდაბარება უფრო სირცხვილი იყო, ვიდრე დაბარება. გამორიცხულია, ტვ პირველი გააჩუმოს ხელისუფლებამ, ვივლით სასამართლოში. ჩვეულებრივი პოლიტიკური საქმეა, ცდილობენ ,71 წლის კაცის ჯანმრთელობით დამაშანტაჟონ", - ამბობს ვატო წერეთელი.
ხაზარაძე- ჯაფარიძე -წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში იწყება.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ შეწყდა, მას შემდეგ რაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყვეტილიყო. "ლელოს" წევრები ფიქრობენ, საქმის თაროდან ჩამოღება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს უკავშირდება.
ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი ტვ პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
2020 წლის 14 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის მიერ მომზადებული დასკვნა „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.