ვის ხელშია არჩევნები: ქმარი ცესკო-ს თავმჯდომარე, ცოლი „ქართუს“ მაღალჩინოსანი - ჟურნალისტური გამოძიება

02.03.24 21:17
 ვის ხელშია არჩევნები: ქმარი ცესკო-ს თავმჯდომარე, ცოლი „ქართუს“ მაღალჩინოსანი - ჟურნალისტური გამოძიება

 

ცესკოს თავმჯდომარის ბაგა-ბაღის აღსაზრდელ შვილზე გაფორმებული ქონება და შემდეგ სამი წლის შვილის მიერ დედისთვის ნაჩუქარი ბინა - აღმოჩენილია ცენტრალური საარჩევნო

კომისიის შეფის ოჯახის სახელზე რეგისტრირებული ბინები დედაქალაქის ცენტრში. 

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ცესკოს პირველ პირს, ხშირ შემთხვევაში, ნაყიდი ბინები არა საკუთარ, არამედ დედის, ცოლის ან 1 და 3 წლის შვილების სახელზე აღმოაჩნდა გაფორმებული. 

გიორგი კალანდარიშვილი დეკლარაციის შევსებას 2021 წლიდან იწყებს

პირველივე დეკლარაციაში ვხედავთ, რომ ცესკოს თავმჯდომარე, დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში, საერთო გზის და წყლის ავზის განსათავსებლად, საჭირო მიწის ნაკვეთის მფლობელია. 

  • ბინა შატბერაშვილის 44 ნომერში, კი, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ცხოვრობს, მისი არასრულწლოვანი შვილის სახელზეა გაფორმებული, ბინის შეძენის მომენტში, გურამ კალანდარიშვილი 5 თვის იყო. 
  • "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ კალანდარიშვილის ჩვილმა ბავშვმა ვაკეში, კვადრატული მეტრი 535 $-ად იყიდა, რაც იმდროინდელი საბაზრო ფასითაც, არაადეკვატურად დაბალი ფასია. ამ ბინის ნასყიდობის ფაქტს ეჭვქვეშ კიდევ ერთი გარემოება აყენებს. დოკუმენტების კვლევისას ვხედავთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის შვილის სახელზე გადმოფორმებამდე, ბინას ვინმე მიხეილ ლორთქიფანიძე ფლობდა. ლორთქიფანიძე გვიყვება რომ ბინა არ გაუყიდია და გადაფორმება, ვალის სანაცვლოდ მოხდა. 

შატბერაშვილის 44 ნომერი არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში, არჩევნებზე პასუხისმგებელი პირი, ოჯახის ქონებას, არასრულწლოვანი შვილების სახელზე აფორმებს

  • ვაკეში, შატბერაშვილის 19-21 ნომერში, გიორგი კალანდარიშვილის კიდევ ერთი შვილი ფიგურირებს. 2020 წლის 13 იანვარს, დოკუმენტების მიხედვით, 3 წლის დათა ყიდულობს 67 კვადრატულ ბინას, ჯამში მხოლოდ 40 ათას დოლარად.
  • ზუსტად 4 თვეში, 3 წლის შვილი კი ნაყიდ ბინას დედა ანუ გიორგი კალანდარიშვილის ცოლს ჩუქნის. 
  • სალომე ჩიკვილაძე ბიძინა ივანიშვილის ბანკში, საკრედიტო განყოფილების უფროსად მუშაობს. პასუხი არც მას აქვს კითხვაზე, რა საჭირო იყო, სამი წლის შვილის სახელზე ვაკეში ჯერ ნაყიდი ბინის გაფორმება და შემდეგ ბავშვისგან ძვირადღირებული ქონების საჩუქრის სახით მიღება. 

სალომე ჩიკვილაძე "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ "ქართუში" უკვე ბევრი წელია მუშაობს, თუმცა 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში, კალანდარიშვილის ცოლის სამუშაო ადგილი ან სამსახურით მიღებული შემოსავალი, მითითებული არ არის. 
მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილის 5300 ლარიანი ხელფასით კი ბუნებრივია რთული დასაბალანსებელი იქნებოდა შეძენილი ქონება და აღებულ სესხებში გადასახდელი ყოველთვიურად საჭირო შენატანი. ანტიკორუფციულ ბიუროს რომ კითხვები გაუჩნდეს, ცესკოს თავმჯდომარეს იმის დადასტურებაც გაუჭირდება, რომ სარემონტო სამუშაოებისთვის მხოლოდ 7500 ლარი იკმარა. 

ჩახლართული ყიდვა-გაყიდვის სქემაში, ყველაზე მსხვილი მოთამაშე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დედაა

  • ქეთევან აბდალაძე ქუთაისში ცხოვრობს და მის სახელზე 2021-22 წლებში, ისევ ვაკეში და ისევ იმ კორპუსში, 3 ბინა ფორმდება. გიორგი კალანდარიშვილთან ჩაკითხვის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ეს 3 ბინაც სინამდვილეში დედის კი არა, მისია. 

გამოდის, რომ მხოლოდ შატბერაშვილის 19-21-ში, გიორგი კალანდარიშვილის ოჯახი 5 ბინას ფლობდა - 3-ს დედის, 1-ს ცოლის და 1-საც სიმამრის, ამას ემატება ის 127 კვადრატული, ასევე შატბერაშვილზე, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს. 
ცესკოს თავმჯდომარეობისას შეიძინეს მიწები ბაზალეთზე და დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში, სადაც ასევე არასრულწლოვანი შვილის სახელზე გაფორმება არჩიეს. ამ მიწაზე, ცესკოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ სახლის ასაშენებლად ემზადება, რადგან ნაკვეთთან მისასვლელი გზის გარკვეული ნაწილიც მის სახელზეა. 

ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ  ცესკოს თავმჯდომარის ოჯახის წევრებზე გაფორმებული ბინები რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებზეა გაფორმებული

საბურთალოს რაიონში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა 32, რომელიც ასევე გიორგი კალანდარიშვილს ეკუთვნოდა და უკვე ნაცადი სქემით, დედას აჩუქა და როგორც თავად გვითხრა, რეალური მესაკუთრე ის არის. 

ოთარ ლორთქიფანიძის 30-ში კი ქონება, ცესკოს თავმჯდომარის ძმის, მიხეილ კალანდარიშვილის სახელზეც ფიქსირდება. ბინის ოფიციალური მფლობელი საქართველოში არ ცხოვრობს, ამიტომ დაზუსტებით ძნელი სათქმელია, ის არის ბინის რეალური მეპატრონე და თუ მისი თანამდებობის პირი ძმა.

გასულის წლის მონაცემებით, გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მეუღლემ მხოლოდ სესხებში 72000 ლარზე მეტი, შვილების განათლებაში კი 10 800 გადაიხადეს, დარჩენილი თანხის 12 თვეზე განაწილებით კი გამოდის, რომ 5 სულიანი ოჯახი თავს 8 ათას ლარად ირჩენს, რაც ნიშნავს იმას რომ ეს ფული კვებაში, საწვავში, კომუნალურებსა და ტანსაცმელშიც უნდა ეყოთ

ირკვევა, რომ გიორგი კალანდარიშვილი, მაგალითად დედის სახელზე გაფორმებულ უძრავ ქონებას დეკლარაციას უმალავს. მალავს ბინების გაქირავებიდან მიღებულ თანხებსაც, რადგან არსად წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს, იჯარიდან შემოსავალი აქვს მიღებული. ჩვენმა კამერამ კი გადაიღო ცოცხალი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად კალანდარიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მდგმურები არიან.

ოპოზიცია კალანდარიშვილის გამდიდრების პროცესში, კორუფციის რისკებსაც ხედავს. იმ კორპუსების ნებართვების მონიტორინგმა, სადაც ცესკოს თავმჯდომარის ოჯახს ბევრი ბინა აქვს, აჩვენა, რომ ორივე შემთხვევაში, დეველოპერებს მერიასთან პრობლემები ჰქონდათ,  მშენებლები დარღვევების მიუხედავად, კოეფიციენტების მატებას ითხოვდნენ და საბოლოოდ იღებდნენ კიდეც.

მსგავსი სიახლეები