ეს არის შეშინებული ხელისუფლების მოქმედება - ხაზარაძე სისხლის სამართლის საქმეზე

02.07.21 15:19
ეს არის შეშინებული ხელისუფლების მოქმედება - ხაზარაძე სისხლის სამართლის საქმეზე

"ეს არის შეშინებული ხელისუფლების მოქმედება" - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გააქტიურებას. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა. 

ხელისუფლება ძალიან შეშინებულია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ფაქტია, რომ ჩვენმა გააქტიურებამ პარლამენტში განსაკუთრებით ანტიკორუფციული მიმართულებით საკმაოდ დიდი შიში გამოიწვია ხელისუფლებაში. ჩვენი განწყობა არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო პირველ დღეს, მთელმა მსოფლიომ, დაწყებული აშშ-ს სახელწლმწიფო დეპარტამენტიდან, თქვა, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და არ აქვს არანაირი დანაშაულის ნიშნები, ეს არის შეშინებული ხელისუფლების და შეშინებული კლანის მოქმედება", - ამბობს ხაზარაძე. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.  

ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. უწყება მათ ფულის გათეთრებას ედავება.  საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ტვ პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

2020 წლის 14 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის მიერ მომზადებული დასკვნა „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.  დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად  ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.