ოპოზიციის გაერთიანების შიში "ოცნებაში" - ნიკა მელია პოლიტიკურ ბრალდებებს დუმილით პასუხობს

04.03.24 16:01
ოპოზიციის გაერთიანების შიში "ოცნებაში" - ნიკა მელია პოლიტიკურ ბრალდებებს დუმილით პასუხობს

ნიკა მელია  პოლიტიკურ ბრალდებებს დუმილით პასუხობს. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა ლიდერმა, რომელიც ახლა ახალი პარტიის შესაქმნელად ემზადება, სიჩუმის სტრატეგია აირჩია.

ახალი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მელია აყალიბებს, სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებთან ერთად "ქართული ოცნების" იერიშის სამიზნე დღეს კიდევ ერთხელ გახდა. კალაძე ამტკიცებს, რომ ეს პარტიები არა გამარჯვებისთვის, არამედ ბარიერის გადალახვისთვის  იბრძვიან.

"ქართული ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი 5%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს. ამასთან, "ოცნების" გენერალური მდივანი ენმ-დან წასულ პოლიტიკოსებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ისინი ენმ-ს წიაღიდან წამოსულები არიან და შესაბამისად, ბარიერის გადალახვის პრობლემა მათაც დაუდგებათ. 

რა კოალიციაზეა საუბარი მე არ მესმის. ცოტა გაუგებარია, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი გადანაწილებული პარტიებს შორის. შეიძლება სხვა პარტიების სახელით გამოდიოდნენ, სხვა პარტიები შექმნან ან ჰქონდეთ მცდელობა, რომ სხვადასხვა პლატფორმები გააჩინონ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ თითქოს ისინი განსხვავებულები არიან, ენმ-თან არანაირი კავშირი არ აქვთ, მაგრამ საზოგადოებას ხომ ახსოვს ყველაფერი, ვინ ვინ არის, ვინ სად იყო, რას აკეთებდა და ა.შ. ასე რომ, ეს რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც, - ამბობს კალაძე.

მერის ხმაურიან ბრალდებებს ნიკა მელიამ არა, თუმცა უპასუხეს მისმა თანაგუნდელებმა - მირდატ ქამადაძე "პირველებთან" ამბობს, რომ კალაძეს არასწორი განცხადება არაერთხელ გაუკეთებია, ამიტომ ჯობია, დასკვნების გაკეთება არ იჩქაროს. 

ოპოზიციის წევრის თქმით, ნიკა მელიას ახალი პოლიტიკური გაერთიანება რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაფუძნდება: 

როგორც იცის საზოგადოებამ და ამაზე არაერთხელ ნიკა მელიასაც და ნიკა გვარამიასაც უსაბრიათ, რომ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც არის დაკვნით ფაზაში. სულ რამდენიმე დღეში ჩვენ საზოგადოებას საჯაროდ გავაცნობთ თუ კონფიგურაციით წარვდგებით ამ არჩევნებზე. 

კალაძეს ვუპასუხებ, რომ ჯობია, არ იჩქაროს, იმიტომ, რომ ბევრჯერ გაუკეთებია მას ასეთი განცხადება, რომელიც მერე უკან წაუღია. ასე რომ, არათუ ბარიერი, არამედ ამ პოლიტიკურ ჯგუფს, ძალას, აქვს ამბიცია სრულიად ჯანსაღი, რომ მის გარეშე ვერ დაკომპლექტდება ამ ქვეყანაში მთავრობა, - ამბობს ქამადაძე. 

არსებული ინფორმაციით, ნიკა მელიას გაერთიანებაში შესაძლოა, ხატია დეკანოიძეც იყოს. ოპოზიციონერი დეპუტატი მერის პოლიტიკური თავდასხმის საპასუხოდ ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" მობილიზაციის ძალიან დიდი პრობლემა აქვს. 

მოლაპარაკებები ძალიან ინტენსიურია, მიმდინარეობს და  დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან მალე დასრულდება. რაც შეეხება კახა კალაძის განცხადებას და "ქართული ოცნების" განცხადებებს, გასაგებია, რომ 60% კი არა, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ მობილიზაციის. ხლა ცდილობენ, რომ სხვადასხვა ჯგუფებს გაუკეთონ მობილიზაცია, ყველა ერთ ქვაბში მოხარშონ, მაგრამ ეს არ ამართლებს. ეს ამოვიდა მათ შიდა კვლევებშიც და ამიტომ ყველა ადამიანის და ოპოზიციის დისკრედიტაციას ნამდვილად ცდილობენ, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები