"სამსახურებრივი გულგრილობაა" - დაიწყება თუ არა ზურაბ აზარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება?
დაიწყება თუ არა ზურაბ აზარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება? - ჯანდაცვის ექს მინისტრის ვრცელ პოსტს, ოპოზიცია "სკანდალურ აღსარებას" უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ აზარაშვილმა პრაქტიკულად დანაშაულებრივად გამოაცხადა მმართველობის 9 წლიანი პერიოდი, როდესაც თქვა რომ მას ჯანდაცვის უწყებაში მძიმე სურათი დახვდა.
ოპოზიციაში კითხვები აქვთ ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებითაც, რომელზეც ღარიბაშვილის სანდო კადრმა ვრცელ წერილში მიანიშნა.
"ქართული ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ სისტემურ პრობლემაზე აზარაშვილს მინისტრობის პერიოდში უნდა ესაუბრა, ახლა კი მსგავსი შეფასებები მინიმუმ სამსახურებრივი გულგრილობაა, რაც ჩვენს ქვეყანაში კანონით ისჯება.
როცა მოხსნეს და ახლა საუბრობს ამაზე, ეს საერთოდ დანაშაულია, სამსახურებრივი გულგრილობაა. ანუ თანამდებობის პირმა იცის, კონკრეტული კორუფციული ბიზნეს ინტერესების შესახებ და ამაზე არ საუბრობს. სამსახურებრივი გულგრილობა ჩვენი კანონმდებლობით ისჯება"- ამბობს დეპუტატი ხატია დეკანოიძე.
"ნაციონალური მოძრაობაში" თვლიან, რომ კორუფციის წყარო თვითონ ხელისუფლებაა, ამიტომ პრობლემას საკადრო ცვლილებები ვერ მოაგვარებს.
"ბიზნეს და კორუფციული დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ აზარაშვილმა ახლა დანარჩენი წევრები ამხილა. ეს არის ის რეალობა რომელიც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში. ხელისუფლება, რომელიც ხალხს და მოქალაქეების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, ფულის კეთებით არის დაკავებული. ამ შემთხვევაში აზარაშვილი გაწიეს და სხვას შემოწევენ, რომ ახლა უკვე მან იშოვოს დამატებითი მილიონები"- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
"მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა," - ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წერს.
ექს მინისტრი არ მალავს, რომ "მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესები" არსებობს და რომ მას უწევდა ამასთან გამკლავება. თუმცა ვინ იგულისხმება ამ "დაჯგუფებაში" ყოფილი მინისტრი არ წერს.