შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტს ოთხმა კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი მაია ბითაძემ წარადგინა. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და განხილვას პოლიტიკოსების გარდა, ცხოველთა უფლებადამცველებიც ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, კანონპროექტის მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა დაუშვებელია. შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკიც არ აღემატება 2 თვეს და ასევე იმ პირზე, რომელიც უპატრონო ან/და მიკედლებულ შინაურ ცხოველს აიყვანს და მის მეპატრონედ დარეგისტრირდება.
კანონის დარღვევის შემთხვევაში, მეპატრონე 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.