"ოცნების" კანონპროექტები მხოლოდ მათი ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება - გიორგი ბოტკოველი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ "ოცნების" კანონპროექტები მათ მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას და კონკრეტული თემების გადაფარვას ემსახურება. ოპოზიციის წევრის თქმით, რა კანონპროექტები და ინიციატივებიც არ უნდა "ატრიალოს" ხელისუფლებამ, მმართველ პარტიას არჩევნებზე მარცხი გარანტირებული აქვს.
ვეტოს დაძლევა არასდროს ხელისუფლების მხრიდან პრობლემა არ ყოფილა და პირიქით, უხარიათ ხოლმე ეს პროცესი, რომ თითქოს წინააღმდეგობა ხვდებათ და შემდგომ ვეტოს დაძლევენ. იმიტომ მოირგეს საკუთარ თავზე ეს კოდექსიც, კანონიც, რომ იმ შემთხვევაში, როცა ვეტოს გადალახვა მოუნდებათ, გადალახავენ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ აქ მიღებული კანონები, რომლებიც ჯერ შემოდის კანონპროექტის სახით, ერთადერთ რამეს ემსახურება - კონკრეტული თემების გადაფარვას ან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას და მეტი არაფერს.ერთპარტიული იყო მანამდეც, სანამ მოადგილის შტატი გაუქმდებოდა. ეს ყველაფერი უფრო საკუთარი სურვილების ასრულებას და მიზანს ემსახურება, რომელი მიზანიც თავშივე განუხორციელებელია, რომ თითქოს რამენაირად შეინარჩუნონ ძალაუფლება. „ქართული ოცნების“ დასასრული აუცილებლად იქნება 26 ოქტომბერს. რა კანონპროექტებიც არ უნდა ატრიალონ, რა ინიციატივებიც არ უნდა დაასახელონ, ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და ხალხის გადაწყვეტილება იქნება ივანიშვილის პარტიის მარცხი.
ახლა არ მოსწონთ პრეზიდენტი და მისი ქმედებები, მაგრამ ჩვენ ვნახეთ საკუთარი თავები როგორ გამოჭიმეს ბილბორდებზე, როდესაც პრეზიდენტს ირჩევდნენ, ყველა ჩართული იყო ამ პროცესში და ფაქტობრივად, ივანიშვილის პარტიის არჩეულია. ხან ჯანდაცვის მინისტრი არ მოსწონთ, ხან პრემიერ მინისტრი, რადგან რაღაც კორუფციულ სქემაშია. ეს ყველაფერი, კიდევ ვიმეორებ, არის მცდელობები ძალაუფლების შენარჩუნების, თუმცა ეს მცდელობები ფუჭი იქნება, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.