"სააკაშვილი ქართველი პოლიტიკოსი არ არის" - ბრეგაძე ამბობს, რომ ექსტრადირება არ იქნება
იუსტიციის მინისტრი "ქართული ოცნების" ნარატივს აგრძელებს და ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ქართველი პოლიტიკოსი" არ არის. რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არც პოლიტიკური და არც ელექტორალური წონა არ აქვს.
რაც შეეხება პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხს, მთავრობის წევრის თქმით, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
მსჯავრდადებული სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი. საუბარი იმაზე, რომ დეპოლარიზაციას შეეწყობა ხელი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორც სამართლებრივი, ასე პოლიტიკური ლოგიკითაც. როცა ვსაუბრობთ ექსტრადიციაზე, სააკაშვილს დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს ჩადენილი და უკრაინული მხარე უნდა ითხოვდეს დამნაშავის გადაცემას. ექსტრადიციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ნამდვილად არ მოუმართავს" - აცხადებს ბრეგაძე.
იუსტიციის მინისტრი ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს არ დაემორჩილოს.
თუკი ვინმეს მოუწოდებს სააკაშვილი, რომ გარკვეული პოლიტიკური დავალებები შეასრულონ, ვისურვებდი, არ დაემორჩილონ ასეთი პოლიტიკოსის მოწოდებებს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არ აქვს საქართველოში როგორც აქტიური, ასევე პასიური სარჩევნო ხმა და მას არ შეუძლია პოლიტიკური პარტიის წევრობა. თუკი პირი პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ იქნება, მონაწილეობას ვერ მიიღებს არჩევნებში, რანაირად მონაწილეობს პოლიტიკაში? თუკი ის მართავს "ნაციონალურ მოძრაობას, ანუ "ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას", ეს არის თავიდან ბოლომდე არაფორმალური მმართველობა",-განაცხადა ბრეგაძემ.