წიგნის "ცისფერი-ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" პრეზენტაცია გაუქმდა - რა არის მიზეზი?

05.03.24 17:51
წიგნის "ცისფერი-ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" პრეზენტაცია გაუქმდა - რა არის მიზეზი?

თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი წიგნის "ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" დაგეგმილი პრეზენტაციის გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მუზეუმი წერს, რომ წიგნის გარშემო ჰომოფობიური განცხადებების შემდეგ წიგნის საინიციატივო ჯგუფმა უსაფრთხოების ზომები მოითხოვეს, რის უზრუნველყოფის რესურსიც მუზეუმს არ აქვს.

მუზეუმი სამშენებლო ბლოკში მდებარეობს, სადაც ამჟამად მძიმე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოს მასშტაბი შეუძლებელს ხდის უსაფრთხოების იმ ზომების უზრუნველყოფას, რომელიც შესაძლო რესკებისგან და აგრესიულად განწყობილი ჯგუფებისგან დაიცავდა პუბლიკას. ამის შესახებ მუზეუმმა საინიციატივო ჯგუფს ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე 1 კვირით ადრე აცნობა და განუმარტა, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მუზეუმი ვერ უმასპინძლებდა ღონისძიებას და ვერცერთ ვიზიტორს ვერ დააყენებდა თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ. მითუმეტეს, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე რადიკალური ჯგუფების მიერ გამოხატული აგრესიის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, მათ შორის, ტრაგიკული დასასრულით.

მუზეუმი, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი პლატფორმა, არსებობის პირველი დღიდან გამძაფრებული პასუხისმგებლობით ახორციელებს ყველა თავის პროექტს, რომელთა უმეტესობაც, სწორედ განსხვავებული ჯგუფების გაძლიერების, საზოგადოების მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობისკენ არის მიმართული, სადაც ჩვენი დიდი თემის და აუდიტორიის თითოეული წევრის უსაფრთხოება პრიორიტეტია.

წიგნის „ცის ფერი“ საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადება არსებული მოცემულობითა და ფაქტებით მანიპულაციაა, რითაც საერთო საქმე მხოლოდ ზარალდება. მუზეუმი ეპატაჟის გარეშე გააგრძელებს თავის საქმიანობას და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად განსხვავებული ჯგუფების ინტერესებს დაიცავს“, – წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები