რადიო თავისუფლება: უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველომ 3 370%-ით გაზარდა აშშ-დან მიკროჩიპების იმპორტი
საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც შეიძლება რუსეთი სანქცირებული, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესაძენად იყენებდეს, - ეს პროდუქცია, რისი შეძენაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეეზღუდა, მას საომარი ტექნოლოგიებისა და იარაღის საწარმოებლად სჭირდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ საქართველომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით 35-ჯერ გაზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიკროჩიპების იმპორტი.
დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საქართველომ 2022 წელს რეკორდულად გაზრდილი რაოდენობის ამერიკული ტექნოლოგიური პროდუქცია შეიძინა, ამერიკის სენატში რუსეთისთვის დაკისრებული სანქცირების ეფექტურობის განსახილველად მომზადდა 21 თებერვალს რუსეთის სანქციებზე მომუშავე მუდმივმოქმედი საგამოძიებო ქვემომიტეტის მიერ.
საქართველოს ხელისუფლება უსაფუძვლოს მიიჩნევს ამ ეჭვებს, საგარეო ვაჭრობის მონაცემები კი აჩვენებს, რომ უკრაინაში ომის პარალელურად საქართველომ მკვეთრად გაზარდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტი დასავლეთიდან და ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში. ამ ქვეყნების ნაწილი, განსაკუთრებით ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი, არაერთხელ დასახელდა რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების მიმწოდებელ ქვეყნებად.
უფრო ვრცლად, რა დოკუმენტები მოიპოვა "რადიო თავისუფლებამ" ნახეთ ბმულზე.